ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მე პატიმრების შეწყალებაში არ ვარ გარეული”- დიმიტრი გაბუნია პირველ კომენტარს აკეთებს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, ვინ შეადგინა სია, რომლითაც ზურაბიშვილმა რამდენიმე მსჯავრდებული შეიწყალა.

გაბუნია ამბობს, რომ ისრები, შეწყალების პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით, მისი მისამართითაც არსებობს, თუმცა როგორც საპარლამენტო მდივანი განმარტავს, თავად მსჯავრდებულების შეწყალების შესახებ მედიისგან შეიტყო.

„ჩემთვის ეს მიუღებელია. ეს დავაფიქსირე თათბირზეც. მე შვებულებაში ვიყავი, გამოვედი 3 სექტემბერს და გავიგე მედიის საშუალებით. ბუნებრივია, დავსვი შეკითხვები. ეს იყო ჩემი დისკრეციული უფლებამოსილება და მე მივიღე გადაწყვეტილებაო.

ამისთვის ბუნებრივია, არსებობს შეწყალების დეპარტამენტი, ვის უფლებამოსილებაშიც შედიოდა ამ სიების შეტანა, გაფილტვრა და ა.შ. მეც მაინტერესებს თქვენთან ერთად. როცა დამიბარებენ პროკურატურაში, მე აუცილებლად დავსვამ ამ საკითხს. ყველას გვყავს ოჯახი. ჩემი ოჯახი არის ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად იმიტომ, რომ ეს არის ბინძური ცილისწამება.

ისრები რომ ჩემსკენ მოდის, იმიტომ ვარ დღეს აქ. არ ვიცი, ვინ ურჩია პრეზიდენტს. მე მაინტერესებს პროკურატურაში დადგინდეს, ვინ შეადგინა ეს სია, ვინ ურჩია პრეზიდენტს, ვინ შეიტანა და რატომ მოაწერა პრეზიდენტმა ხელი, მე ამაში აბსოლუტურად არ ვარ გარეული“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 პატიმარი, მათ შორის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე და გიორგი ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

იტვირთბა....