სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ტაძარში ქადაგებისას, სადაც ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება აღევლინა განაცხდა, რომ ეს არის დიდებული დღე, საქართველო წილხვედრია ყოვლაწმიდისა ღვთისმშობლისა.
წირვას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დეპუტატებიც დაესწრნენ.
„ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ დღევანდელ წირვას ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილი და პარლამენტის წევრები.
შემთხვევით არაფერი ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა. შეგეწიოთ ღვთისმშობელი დედა, გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და სრულიად საქართველოს. შეგახსენებთ, რომ დღეს განსაკუთრებით ვლოცულობთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ავადმყოფობენ კიბოთი. ეს უმძიმესი ავადმყოფობა ღმერთმა გვაშოროს ჩვენ და მთელ მსოფლიოს“, – განაცხადა პატრიარქმა.
სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ამაღლების თვეა. ამასთან დაკავშირებით პატრიარქმა ის ადამიანები დააჯილდოვა, ვისაც აღნიშნულ საქმეში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი. ბერი ანდრიას ფონდის დამაარსებლები, ბერი ანდრიას მშობლები – ნესტორ მიოორავა და თინათინ ჩხვიმიანი საპატრიარქო სიგელით დაჯილდოვდნენ. წირვას ფონდის აღსაზრდელებიც ესწრებოდნენ.