“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა „ენდიაის“ კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არ ასებობს ეჭვის შეტანის საფუძველი „ენდიაის“ კვლევაში, თუმცა მაჩვენებლებით არაა კმაყოფილი.
მისი თქმით, „ენდიაის“ კვლევა ასახავს იმ რეალობას, რომელიც დღეს საქართველოშია.
„ჩვენ ნამდვილად არ ვართ ის პარტია, რომელიც დაიწყებს „ენდიაის“ კრიტიკას. ეს არის კვლევა და ყველამ უნდა შევხედოთ, ჩავიხედოთ სარკეში და საკუთარი თავი დავინახოთ. კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა პრაქტიკულად ზურგი აცია „ქართულ ოცნებას“ და თვლის, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება, ასევე ის დაბალი მაჩვენებელი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია, ეს არის პრაქტიკულად განაჩენი, რომელიც გამოუტანა ჩვენმა ხალხმა. გარდა ამისა, ის უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური ფონი, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში, პრაქტიკულად უნდობლობა არის სახელმწიფო ინსტიტუტების. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა, რომელიც მკვეთრად არის გაზრდილი და ეს ნამდვილად არ ასხავს „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყალს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მონაცემებს, უნდა დავჯდეთ და ვიმსჯელოთ, გავაანალიზოთ და შემდგომ დავსახოთ ახალი სტრატეგია“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
კითხვაზე, რამდენად რეალურია პარტიების პროცენტული მაჩვენებლები, უდუმაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ არ აქვს საფუძველი, ეჭვი შეიტანოს „ენდიაის“ კვლევაში, თუმცა მაჩვენებლებით კმაყოფილი არ არის.
„ეს მაჩვენებლები იმისთვის არსებობს, რომ დავჯდეთ და გავაანალიზოთ. ბევრი მუშაობაა საჭირო მოსახლეობასთან, რომ სწორად მივიტანოთ ჩვენი გზავნილები. დარწმუნებული ვარ, შემდგომ კვლევებში გაუმჯობესებული იქნება ოპოზიციის მდგომარეობა“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
რაც შეეხება თბილისის მერის, კახა კალაძის მაჩვენებლებს, უდუმაშვილის თქმით, ის ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელიც საკუთარ პიარზე კარგად მუშაობს.
„კახი კალაძის საქმიანობას დადებითად ვერ შევაფასებ, მაგრამ ის ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელიც საკუთარ პიარზე კარგად მუშაობს და დიდ როლს უთმობს საკუთარ პიარს. შესაბამისად, ამან თავისი შედეგი გამოიღო“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა 20%, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 9 პროცენტი, „ევროპულ საქართველოსა და „პატრიოტთა ალიანსს“ – 4 პროცენტი.