ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

პუტინი საუდის არაბეთს რუსულ იარაღს სთავაზობს

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საუდის არაბეთს S300-ის ან S400-ის ტიპის რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენა შესთავაზა.

„ჩვენ მზად ვართ საუდის არაბეთს შესაბამისი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ჭკვიანური სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, როგორც ეს ირანელებმა გააკეთეს, როცა მათ S-300 შეიძინეს და ასევე პრეზიდენტმა ერდოღანმა, რომელმაც რუსეთისგან S-400 შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო” – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებს ანკარაში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე განხორციელებულ თავდასხმაზე არ უსაუბრიათ.

14 სექტემბერს საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონების საშუალებით თავდასხმა განახორციელეს. შეერთებულმა შტატებმა აღნიშნულ თავდასხმაში, რომელზეც პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, ირანი დაადანაშაულა, თუმცა ირანის პრეზიდენტმა ამ ბრალდებას „უაზრო და გაუგებარი“ უწოდა და განაცხადა, რომ თავდასხმა იემენელი ხალხის მხრიდან საპასუხო მოქმედება იყო. თავდასხმის შედეგად ნავთობის წარმოება დღეში 5.7 მილიონი ბარელით შემცირდა. მსოფლიოში ნავთობის ფასი კი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

 

იტვირთბა....