ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი აღსრულდეს მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე”

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი აღსრულდეს მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შორის შეხვედრისას აღინიშნა.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციების ახალ ხელმძღვანელობასთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დააფიქსირა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო ევროპული კურსისა და განვითარების ერთგულია, მტკიცედ აგრძელებს რეფორმების კურსს, მათ შორის ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კონტექსტში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიღწევებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელებისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის განხორციელების პროცესში.

აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის პასუხისმგებლიან პარტნიორთა რიცხვს განეკუთვნება. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ქვეყნის მიერ აქტიურად განხორციელებულ ღონისძიებებს, რომლებიც ევროინტეგრაციის გზაზე მოპოვებული მიღწევების შენარჩუნებას ემსახურება.

შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საგზაო რუკა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მთავრობის ყოვლისმომცველ ხედვას ასახავს. ისაუბრეს საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის, უმაღლესი დონის შეხვედრების ფორმატის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების საკითხებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აფასებს ევროკავშირის როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების საკითხში. ამასთან, ისაუბრეს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების გაძლიერებისა და საოკუპაციო ძალების დესტრუქციული ქმედებების საპასუხოდ, საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო პოზიციონირების აუცილებლობაზე.

ყურადღება გამახვილდა საქართველოში დემოკრატიზაციის ასპექტებზე, მათ შორის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივასა და სასამართლო რეფორმის საკითხებზე.

პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარს საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ყურადღებისთვის და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

იტვირთბა....