აშშ-ს მოქალაქე, რომელმაც საქართველოში თანამედროვე ბიო-სამედიცინო დარგის იმპორტი წამოიწყო
უკვე მეორე წელია რაც საქართველოში ფუნქციონირებს გენეტიკური ტესტირების ცენტრი „ალელი“. ალელი დაფუძნდა 2017 წელს და მიზნად ისახავს დაავადებათა გენურ დონეზე ტესტირებისა და კვლევის გავრცელებას და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო დიაგნოსტიკის განვითარებას საქართველოში. ბევრ ონკოლოგიურ პაციენტს, რომლებსაც სულ რაღაც ერთი წლის წინ, არ ჰქონდათ არჩევანი და მსგავს ტესტებს უცხოეთში იტარებდნენ, დღეს შეუძლიათ იგივე ტესტები საქართველოში ჩაიტარონ, და რაც მნიშვნელოვანია გაცილებით შეღავათიან ფასებში. მსოფლიოში განვითარებული ამ სამედიცინო დარგის ჩვენს ქვეყანაში დანერგვის ერთ-ერთი ინიციატორი, საქართველოში დაბადებული და გაზრდილი, ამჯერად აშშ-ს მოქალაქე გიორგი ხარებავაა, რომელმაც წლების განმავლობაში შტატებში დაგროვებული გამოცდილება საკუთარ ისტორიულ სამშობლოში ჩამოიტანა და ჩაერთო ახალი მიმართულების დანერგვაში. გამომდინარე იქედან, რომ გამოცდილმა ქართველმა მეცნიერმა ქვეყანაში თანამედროვე სამედიცინო მიმართულების იმპორტი განახორციელა, „მეტრონომი“ დაინტერესდა დეტალებით და დაუკავშირდა მას. ჩვენ, ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორს და გენეტიკური კვლევის ცენტრი „ალელის“ დამფუძნებელს გიორგი ხარებავას ვეწვიეთ და ინტერვიუ ვთხოვეთ.
„მეტრონომი“: მოგვახსენეთ თქვენი პროფესიური კარიერის შესახებ და როგორ მოხვდით ამ დარგის განვითარების წინა ხაზზე საქართველოში?
გიორგი ხარებავა: 2002 წელს ინგლისის სამეფო საზოგადოებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამეცნიერო სტიპენდია მივიღე და სამუშაოდ ინგლისში გავემგზავრე, სადაც მანჩესტერის უნივერსიტეტში გენების რეგულაციისა და უჯრედული პროცესების შესწავლით ვიყავი დაკავებული. ამის შემდეგ, წავედი ამერიკის შეერთებულ შტატებში და შევასრულე პოსტსადოქტორო კვლევები ლუივილისა და მერილანდის უნივერსიტეტებში. ეს ეხებოდა თავის ტვინის განვითარების, დაზიანებისა და ასევე სხვადასხვა დაავადებების მოლეკულური მექანიზმების შესწავლას. პარალელურად, კოლაბორაციული პროექტების ფარგლებში, სიმსივნურ და ანთებითი დაავადებებსაც ვიკვლევდი. მრავალ სხვადასხვა ტრანსლაციური ბუნების ბიოსამედიცინო პროექტში მერგო მონაწილეობა. საქართველოში დაბრუნებამდე, ვმუშაობდი აშშ-ს ნაციონალური ჯანდაცვის ინსტიტუტებში. ბევრი კვლევა, რომლებსაც ჩვენ ვაწარმოებდით, სულ რაღაც 5 და 10 წლის წინ, დღეს უკვე ინტენსიურად ინერგება და გამოიყენება მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკაში.
„მეტრონომი“: ორი სიტყვით, თქვენი აქ საქმიანობის შესახებ, რა იყო თქვენს მიერ საქართველოში თანამედროვე ლაბორატორიის შექმნის მიზეზი?
გიორგი ხარებავა: დღეისათვის საქართველოში თანამედროვე ბიო-სამედიცინო მეცნიერება განვითარების ჩანასახოვან ეტაპზეა. ამიტომ გადავწყვიტე ამ მიმართულებით საქართველოსათვის გამეწია მხარდაჭერა. 2017-ში პარტნიორებთან ერთად დავაფუძნეთ მოლეკულური და გენეტიკური დიაგნოსტიკის ცენტრი „ალელი“, სადაც ჩემი გამოცდილება და ცოდნა მოვახმარე რიგი თანამედროვე სამედიცინო დიაგნოსტიკური ტესტების დანერგვას. დღეს, უკვე ათეულობით უახლესი კლინიკური ტესტი გაგვაჩნია, რომელთაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს შესაბამისი დაავადებების სწორად მართვისათვის.
„მეტრონომი“: გთხოვთ, მკითხველს კარგად აუხსნათ, რა არის მოლეკულურ-გენეტიკური დიაგნოსტიკის უპირატესობა და მნიშვნელობა?
გიორგი ხარებავა: გენურ დონეზე არსებული დარღვევები წარმოადგენენ როგორც მემკვიდრული, ასევე შეძენილი დაავადებების განვითარების მექანიზმის ფუნდამენტურ რგოლს. ეს ის უპირველესი ცვლილებებია, რომლებიც დაავადების ინიცირებას და პროგრესირებას განაპირობებენ. აქედან გამომდინარე, მათი დადგენა მნიშვნელოვანია დაავადების ზუსტი დახასიათებისა და ასევე ოპტიმალური ინტერვენციის განხორციელებისათვის. გარდა ამისა, გენთა თავისებურებების გამოვლინება ინდივიდის არსებულ გენეტიკური მიდრეკილებებზე მიუთითებს. ეს მნიშვნელოვანია დაავადებების რისკების შეფასებისათვის, და ჯანსაღი ცხოვრების დაგეგმვისათვის. მსოფლიოში უკვე კარგად არის გააზრებული, რომ მოლეკულურ-უჯრედული პროცესების გაშიფვრა დაავადებათა დამარცხების აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ამის გამო, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, განვითარებული ქვეყნების სამედიცინო სფეროს, როგორც საგანმანათლებლო ისევე პრაქტიკულ ნაწილებში მოხდა ამ მიმართულების სწრაფი და ექსტენსიური ინტეგრაცია. მეცნიერებაზე დაფუძნებული მოლეკულურ-გენეტიკური დიაგნოსტიკა აღნიშნული პროცესის ქვაკუთხედია, რომელიც მალე ცენტრალური ადგილს დაიკავებს სამედიცინო პრაქტიკაში.
“მეტრონომი”: კონკრეტულად, რა ტესტებს სთავაზობს ცენტრი „ალელი“ მომხმარებელს?
გიორგი ხარებავა: „ალელის“ მიზანია საქართველოში ხორციელდებოდეს ყველა მნიშვნელოვანი და კლინიკურად ღირებული გენეტიკური ტესტი. ჯერჯერობით, ჩვენი ტესტები არ არის გათვლილი პირდაპირ მომხმარებელზე და უნდა დაინიშნოს ექიმის მიერ. ყველაზე მოთხოვნად ტესტებიდან დავასახელებდი, მწვავე ონკოჰემატოლოგიურ პაციენტთა მოლეკულური სუბტიპირების დიაგნოსტიკურ პანელებს, ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანობის დადგენისა და ქირურგიული ჩარევის მასშტაბების დადგენის ტესტებს, ნაწლავის, ფილტვის და კანის კიბოს პერსონიზირებული თერაპიის ტესტებს, დოზირების შერჩევის ფარმაკოგენომული ტესტებს. თუმცა ჩვენი ტესტების სპექტრი განუწყვეტლივ იზრდება.
“მეტრონომი”: და მაინც, რამ გადაგაწყვეტინათ საქართველოში ჩამოსვლა და ამ საქმიანობის დაწყება, როგორც ვიცი, თქვენ შეერთებულ შტატებშიც საკმაოდ კარგი შემოთავაზებები გქონდათ?
გიორგი ხარებავა: 21-ე საუკუნე იქნება მოლეკულურ გენეტიკურ და სამედიცინო ტექნოლოგიებში უზარმაზარი ინოვაციების და გარღვევების საუკუნე. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და საქართველო არ უნდა ჩამორჩეს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრია სამუშაო, ხოლო თვით მოლეკულური მედიცინის დარგი კი სტრატეგიულია ეროვნული ინტერესებისათვის, გადავწყვიტე ჩამოსვლა. მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რადგანაც მნიშვნელოვნად უკეთეს პირობებზე ვთქვი უარი. უაღრესად წარმატებულ, მსოფლიო მასშტაბის მეცნიერებთან თანამშრომლობას აქ დარჩენა ვარჩიე და დღეს ეს ასეა.
“მეტრონომი”: ანუ, თქვენ რეალურად ხედავთ ამ დარგის განვითარების პერსპექტივას საქართველოში? როგორ შეხვდა საზოგადოება და სამედიცინო სფერო თქვენს წამოწყებას?
გიორგი ხარებავა: ალბათ პირიქით, ამ დარგის განვითარებისათვის საქართველოში კარგი წინაპირობები დღეს არ არსებობს. თუმცა ეს არ უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ მუშაობა არ დავიწყოთ. მართლაც, მოტივაცია საკმაოა და ამ პოპულარულ ინტერესს თუ გააზრებული და მიზანმიმართული ნაბიჯები მოჰყვა, აღნიშნული მიმართულების განვითარება ნამდვილად შესაძლებელი იქნება. რაც შეეხება სამედიცინო საზოგადოებას, აღვნიშნავ, რომ მათი რეაქცია უფრო პოზიტიურია, ვიდრე ველოდი. იმის მიუხედავად, რომ ინფორმაცია ტესტებისა და მთლიანობაში დაავადების მოლეკულური მექანიზმების შესახებ საქართველოში საკმაოდ მწირია, მინდა აღვნიშნო სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების პროფესიონალური ხედვა და ენთუზიაზმი ამ მიმართულებით.
“მეტრონომი”: შეგიძლიათ მოგვიყვანოთ მიღწეული შედეგების და წარმატების მაგალითები?
გიორგი ხარებავა: შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ პირველებმა „გავტეხეთ ყინული“ და შევძინეთ ამ მიმართულებას გარკვეული მასშტაბი ქვეყნის ფარგლებში. კონკრეტულად ვიტყოდი, რომ ჩვენი ტესტების საშულებით უკვე შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის დიაგნოზის დაზუსტება, საქართველოში პირველად დავნერგეთ მრავალი მნიშვნელოვანი და ქმედითი კლინიკური ტესტი. მათ შორის, მიელოპროლიფერაციების დიაგნოზირება და სუბტიპირება, მრავალი მყარი კიბოს მიზნობრივი თერაპიის ტესტები, მედულური კიბოს დიაგნოსტიკა, მომწიფების დიაბეტისა და ჰიპერქოლესტერინემიის დიაგნოსტიკური ტესტები. ამ ტესტების გარეშე, ხსენებულ დაავადებათა დიაგნოზი და მართვა წარმოუდგენელია და საქართველოში სულ რაღაც 2- წლის წინ ფაქტობრივად, ეს შესაძლებლობა არ არსებობდა. შემოვიტანეთ საკმაო ტექნიკური და ასევე თეორიული ცოდნა, რომელსაც აქტიურად ეუფლებიან ახალგაზრდა სპეციალისტები. ეს კრიტიკულია ამ დარგის განვითარებისათვის ქვეყანაში.
“მეტრონომი”: როგორც ვხედავ, თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ. აქედან გამომდინარე, რა კონკრეტული სირთულეებია ასეთ ინოვაციურ და მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვის საქმეში?
გიორგი ხარებავა: სირთულეები არის, მაგრამ ფუნდამენტურ დონეზე, ვიტყოდი, რომ მოწინავე ტექნოლოგიების შემუშავებას და დანერგვას გამოცდილი სპეციალისტების საკმაო რაოდენობა და ასევე ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტური გამოყენების სისტემები სჭირდება. ინოვაციები პრაქტიკული ცოდნისა და მრავალწლიანი კვლევითი სკოლების მოქმედების შედეგი უნდა იყოს. ზუსტად ამ მაღალპროფესიონალურ გარემოში უნდა ჩამოყალიბდეს ადამიანური რესურსების სწორი გამოყენების სისტემებიც. ამ ყველაფრის არარსებობა დღეს საქართველოში არასახარბიელო გარემოს ქმნის ჭეშმარიტად ინოვაციური ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესის განვითარებისათის.
“მეტრონომი”: როგორია სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა გენეტიკური ტესტირებისა და კვლევების მიმართულებით და ფიქრობთ, რომ ეს დარგი საინტერესო უნდა იყოს საქართველოს მთავრობისათვის?
გიორგი ხარებავა: ჯერჯერობით, სახელმწიფო პროგრამები ამ კონკრეტული მიმართულებებით არ არსებობს, მაგრამ ვიტყოდი, რომ სახელმწიფოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია საკუთარი პოპულაციის გენეტიკური თავისებურებების აღრიცხვა. ეს არამარტო აუცილებელია ლოკალურ პოპულაციაზე მორგებული გენეტიკური ტესტების შექმნისა და დანერგვისთვის, არამედ ავლენს მოსახლეობის ამა თუ იმ გენეტიკურ მახასიათებლებს. ეს ინფორმაცია მეცნიერულ ცოდნაზე დაფუძნებულ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი ხდება. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ამ დარგის სტრატეგიულობა ვახსენე. ვფიქრობ, რომ ჩვენი გენეტიკური კოდის თავისებურებები სხვა ქვეყნების მიერ არ უნდა იქნეს გამოკვლეული, რადგან ეს წამგებიანი იქნება ჩვენი ინტერესებისათვის. ეს ფაქტი, კარგად არის გათვითცნობიერებული განვითარებული ქვეყნების მთავრობების მიერ და ამიტომაც, ისინი აქტიურად მონაწილეობენ, როგორც დიაგნოსტიკურად ღირებული გენური თავისებურებების შესწავლაში, ასევე თავიანთი პოპულაციის სტანდარტული გენური შემადგენლობის აღწერისა და შესწავლის პროცესებშიც.
აქვე აღვნიშნავდი, რომ ქვეყანაში ამ მიმართულების განვითარებისათვის აუცილებელია ცოდნის, ექსპერტიზისა და ფინანსების მობილიზება. ჩემი აზრით, მხოლოდ ერთი ან ორი ორგანიზაცია ქვეყანაში მოლეკულურ-გენეტიკური კვლევების განვითარების პრობლემებს ვერ გადაჭრის. აღნიშნული მიზნის მისაღწევად საჭიროა როგორც ინტელექტუალური, ასევე სხვა რესურსების კონცენტრირება და სახელწიფოსა და სხვა დაინტერესებული მხარეების ერთიანი, ან კოორდინირებული მოქმედება. იმედი მაქვს, რომ გარკვეულ ეტაპზე სახელმწიფოც ჩაერთვება შესაძლო კონსორციუმის ჩამოყალიბების საქმეში.
ესაუბრა გენო ჯოხიძე