მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტი აუქციონზე 23 მლნ ლარად გაიყიდა.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტს კომპანია „ინდუსტრიული ქალაქი“ განახორციელებს. მისივე თქმით, კომპანიამ ტერიტორია 23 მილიონ ლარად იყიდა.
„მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე გვინდა განვავითაროთ პროექტი, რომელიც გლდანის, მუხიანისა და თემქისთვის ერთგვარი ახალი მიზიდულობის ცენტრი იქნება. აღნიშნული პროექტი გატანილი გვქონდა აუქციონზე და გვყავს გამარჯვებული კომპანია – „ინდუსტრიული ქალაქი“, რომელმაც ტერიტორია 23 მილიონ ლარად იყიდა. უკვე გვაქვს კომპანია „კოლიერსის“ მიერ შემუშავებული კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, ამ კონკრეტულ ადგილზე უნდა მოეწყოს კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, ღამის კლუბი, მულტიფუნქციური საკონცერტო, საგამოფენო, ფიტნეს და სხვა ტიპის სპორტული სივრცეები, საცურაო აუზი, სარეკრეაციო სივრცე, კინოთეატრები, გასართობი ცენტრი, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი, კულინარიის, სამუშაო-საწარმოო სივრცე და ა.შ. ძალიან საინტერესო პროექტია”, – განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ გამარჯვებული კომპანიაც საკმაოდ წარმატებულია. ეს არის ჯგუფი, რომელიც დედაქალაქში ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო ობიექტებს ფლობს, როგორებიცაა სასტუმრო „რუმსი“, „სტამბა“, „ფაბრიკა“ და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.
BM.GE-ს ინფორმაციით, შპს “ინდუსტრიული ქალაქი” 2019 წლის 19 ივნისს არის რეგისტრირებული. კომპანიის 100%-იან წილს შპს “სითი ლოფტი” ფლობს, ხოლო მისი დირექტორი კი, ვალერი ჩეხერიაა.
მედიასაშუალების ცნობით, თავად “სითი ლოფტის” დამფუძნებელსა და 100%-იანი წილის მფლობელს “აჭარა ჯგუფის” დამფუძნებელი, ბიზნესმენი თემურ უგულავა წარმოადგენს.
თბილისის მერმა აღნიშნულ პროექტზე მუშაობისთვის დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს – ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსს, ანდრია ბასილაიას და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, ირაკლი თავართქილაძეს მადლობა გადაუხადა.
„დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ პროექტს განვახორციელებთ არა მხოლოდ გლდანის რაიონისთვის, არამედ მთლიანად დედაქალაქისთვის. ახალი მიზიდულობის ცენტრი გვექნება, როგორც ამას წინასაარჩევნოდ დაგპირდით. ეს არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ყველა თაობის ადამიანისთვის განკუთვნილი სივრცე იქნება. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც აღნიშნულ პროექტში ჩართული იყო. ამ პროექტთან დაკავშირებით, ჩვენი მიდგომა და კონცეფცია ძალიან კარგად იყო შემუშავებული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.