ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი გახარია – გადაუდებელი მოგერიების პირობებში, გაფრთხილებას არც კანონი გვავალდებულებდა და არც ასეთი საშუალება იყო

პრემიერმინისტრობის კანდიდატისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისის ღამეს, როგორც კი აქცია ძალადობრივი გახდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე განცხადება გააკეთა მითითებით – გთხოვთ, დატოვოთ პარლამენტის წინ ტერიტორია.

როგორც გახარიამ უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების ფორმატში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას განმარტა, აქციის მონაწილეებმა შესაბამისი გაფრთხილება როგორც შს სამინისტროსგან, ასევე თავად მისგან და თბილისის მერიისგანაც მიიღეს.

მისივე თქმით, მომიტინგეები გააფრთხილეს წყლის ჭავლის გამოყენების წინაც, თუმცა გადაუდებელი მოგერიების პირობებში, კანონით გაფრთხილების ვალდებულება არ არსებობს.

„პოლიციას არათუ ჰქონდა ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება, არამედ უბრალოდ არ ჰქონდა სხვა საშუალება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტი დაეცვა ორგანიზებული შტურმისგან. კანონი პირდაპირ მიგვითითებს, რომ დაცულ ობიექტებზე თავდასხმის პირობებში, პოლიციას შეეძლო ყველა სახის იარაღის გამოყენება.

რა თქმა უნდა, იყო უფლებამოსილების გადამეტების გარკვეული ფაქტები და ჩვენ ამ თემას დავუბრუნდებით, თუმცა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო გაფრთხილების შესახებ: როგორც კი აქცია ძალადობრივი გახდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა რამდენიმე განცხადება მითითებით, რომ გთხოვთ, დატოვოთ პარლამენტის წინ ტერიტორია. მე პირადად ეს განცხადება გავაკეთე ამ შენობაში შემოსვლის დროს. ასევე, ქალაქის მერმა ოფიციალურად მიმართა მომიტინგეებს. ტექნოლოგიურად, სხვადასხვა სახის სპეციალური აღჭურვილობის, მაგალითად წყლის ჭავლის, გამოყენების დროს, რა თქმა უნდა, ასეთი გაფრთხილება იყო, თუმცა გადაუდებელი მოგერიების პირობებში, არც კანონი გვავალდებულებდა და არც ასეთი გაფრთხილების საშუალება იყო. შესაბამისად, სპეკულირებაა ყველაფერი, როდესაც გაფრთხილების თემა აქტუალური ხდება, ისევე, როგორც სპეკულირებაა რეზინის ტყვიების გამოყენების ან მათი სახეობების ნაწილში,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

იტვირთბა....