საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარუდგინა.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გვარამიას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ასევე ბრალი წარედგინათ „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახაბერ დამენიასა და „ინტერმედია პლიუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილს.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე.
გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარედგინა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.
მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად გამოტანილია ახალი დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ – მას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ასევე, მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მიმართ. კერძოდ, გამოტანილია დადგენილება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის, კახაბერ დამენიას ბრალდების შესახებ – მას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
ასევე, გამოტანილია დადგენილება „ინტერმედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის ბრალდების შესახებ – მას ბრალი ედება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დასახელებულ პირთა მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2012 წლის ნოემბრიდან ნიკა გვარამია დანიშნული იყო შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორად, ხოლო 2014 წლის სექტემბრიდან – გენერალურ დირექტორად.
ტელეკომპანიის წესდების თანახმად, საზოგადოებას მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს გენერალური დირექტორი, რომელიც ვალდებულია კეთილსინდისიერად და საწარმოს ინტერესების დაცვით უზრუნველყოს მისი ყოველდღიური მართვა და საქმიანობა, იმოქმედოს საზოგადოების და პარტნიორების ბიზნეს ინტერესებით, უზრუნველყოს წესდების უპირობო და კეთილსინდისიერი შესრულება.
მიუხედავად ზემოაღნიშნული ვალდებულებებისა, ნიკა გვარამია არღვევდა დაკისრებულ სამსახურებრივ ვალდებულებას, არ მოქმედებდა კეთილსინდისიერად და ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე. კერძოდ, 2015 წლის 16 იანვარს, ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სახელით ნიკა გვარამიამ ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,ინტერ მედია პლიუსთან“, რომლის თანახმადაც, ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ,,ინტერ მედია პლიუსს“ დაუთმო საკუთარი არხების (,,რუსთავი 2“-ის, ,,ახალი არხის“ (იგივე ,,კომედი არხის“) და ,,მარაოს“) ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების უფლება.
2015 წლის მარტში, ,,ინტერ მედია პლიუსის“ ფინანსების გაკონტროლების მიზნით, ნიკა გვარამიამ ახლო მეგობრის და ნდობით აღჭურვილი პირის კახაბერ ანჯაფარიძის სახელზე გადააფორმებინა კომპანიის 30%-იანი წილი.
2015 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, ნ. გვარამია შესაბამის ბაზარზე დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ტელეკომპანიის სარეკლამო დროის გასხვისების შედეგად მიღებული მთლიანი შემოსავლის 90-95%-ს ითხოვდა ,,ინტერ მედია პლიუსისგან“, ხოლო დარჩენილ თანხას, მომსახურების გაწევის სანაცვლოდ უტოვებდა ამ უკანასკნელ საწარმოს.
მას შემდეგ, რაც 2015 წლის 5 აგვისტოს, ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის წილების დასაბრუნებლად სასამართლოში სამართლებრივი დავა დაიწყო, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა როგორც ტელეკომპანიის პარტნიორთა წილების, ასევე კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების დაყადაღება, დირექტორისთვის კი საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა – უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა. ნიკა გვარამიამ, სარგებლის მიღების სანაცვლოდ, ასევე, საწარმოს ფინანსურმა დირექტორმა – კახაბერ დამენიამ, ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ინტერესების აშკარა უგულებელყოფითა და მის საწინააღმდეგოდ, განიზრახეს 2015 წლის 16 იანვარს, ,,ინტერ მედია პლიუსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, კახაბერ ანჯაფარიძის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს სასარგებლოდ. კერძოდ, ნიკა გვარამია შეუთანხმდა „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს და ყოველთვიურად მხოლოდ კომპანია ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის არსებობისთვის საჭირო მინიმალური ოდენობის თანხის მოთხოვნა დაიწყო.
საერთო ჯამში, ნიკა გვარამიამ და კახაბერ დამენიამ, 2014 წელს ანალოგიურ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ თანხებთან შედარებით (სულ 43 230 509 ლარი), ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ზე კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობის სანაცვლოდ, 2015 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოითხოვეს მხოლოდ 36 467 000 ლარის ანაზღაურება, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს ,,ინტერ მედია პლიუსისგან“ 6 763 509 ლარის მოთხოვნის უფლება.
„ინტერ მედია პლიუსის“ სასარგებლოდ ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის კუთვნილი დიდი ოდენობით – 6 763 509 ლარის ქონებრივი უფლების გაფლანგვის სანაცვლოდ, ნიკა გვარამიამ, „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის – ზურაბ იაშვილის მეშვეობით, ხსენებული კომპანიისგან მიიღო შესაბამისი სარგებელი უძრავი ქონებების სახით, კერძოდ, ქ.თბილისი, მუხაძის ქუჩა №14-ში, მე-7 სართულზე მდებარე ორი ბინა: ბინა №14ა – ფართით 119.37 კვ.მ. და ბინა №13 – ფართით 119.37 კვ.მ.
2016 წლის ივნისში, „ინტერ მედია პლიუსიდან“ მისაღები სარგებლის შენიღბვის მიზნით, ნიკა გვარამიამ ქ.თბილისში, მუხაძის ქუჩა №14-ში, მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში თავად შეარჩია ორი საცხოვრებელი ბინა, უშუალოდ აწარმოა მოლაპარაკებები სამშენებლო კომპანიასთან, შეუთანხმდა ფასსა და პირობებზე და 2016 წლის 3 აგვისტოს „ინტერ მედია პლიუსის“ სახელით გააფორმა ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2016 წლის 20 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ბინა გადავიდა „ინტერ მედია პლიუსი“-ს საკუთრებაში. აღნიშნული საცხოვრებელი ბინების მოთხოვნის უფლების მიღების მიზნით, 2016 წლის 5 და 25 ივლისის თარიღებით ნიკა გვარამიამ ფიქტიური სესხის ხელშეკრულება გააფორმა „ინტერ მედია პლიუსთან“, რომელსაც წარმოადგენდა დირექტორი ზურაბ იაშვილი, რომელთა თანახმადაც თითქოსდა ნიკა გვარამიამ კომპანიას ორ ეტაპად ასესხა 510 000 ლარი, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია.
2017 წლის 21 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით, შ.პ.ს ,,ინტერ მედია პლიუსის“ – დირექტორმა ზურაბ იაშვილმა, ნიკა გვარამიას საკუთრებაში გადასცა ქ.თბილისი, მუხაძის ქ.#14-ში მდებარე ზემოაღნიშნული 2 ერთეული უძრავი ქონება. ამავე ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხსენებული ობიექტების ღირებულება სრულად გაიქვითებოდა მათ შორის არსებული ფიქტიური სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე სესხის გამცემისთვის დასაბრუნებელი თანხის სანაცვლოდ. ნასყიდობის ხელშეკრულებები სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ აისახა 2017 წლის 22 მარტს, რის შედეგადაც, ნიკა გვარამია უკანონოდ დაეუფლა დიდი ოდენობით უძრავ ქონებებს.
მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიამ „ინტერ მედია პლიუსისგან“ უკანონოდ მიიღო დიდი ოდენობით უძრავი ქონებები, განიზრახა დანაშაულებრივად მიღებული ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემა, მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს და საკუთრების შენიღბვის მიზნით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, უძრავი ქონებების მის სახელზე რეგისტრაციიდან რამოდენიმე თვეში, 2017 წლის 7 ივლისსა და 2017 წლის 26 სექტემბერს, ორივე საცხოვრებელი ბინა, ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე გაასხვისა სხვადასხვა პირებზე, რითაც მიიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 602 521.8 ლარის შემოსავალი.
გაცნობებთ, რომ ნიკა გვარამია, კახაბერ დამენია და ზურაბ იაშვილი დღეს დაბარებულნი არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით.
კახაბერ დამენიასთვის და ზურაბ იაშვილისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით“, – აღნიშნულია პროკრუატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღკვეთის ღონისძიების სახის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით ეცნობება.