შს მინისტრობის კადიდატმა ვახტანგ გომელაურმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ტყვიის საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა ბიზნესისთვის მომგებიანი იქნება
„რაც შეეხება იარაღის წარმოებას, მე ვიცი ეს თემა ძალიან კარგად. ადრე იყო საუბარი ტყვიის წარმოებაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი თანხები გაედინება ქვეყნიდან ტყვიის შესაძენად, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ისე თავდაცვის სამინისტროდან, უსაფრთხოების სამსახურიდან და ძალოვანი სტრუქტურებიდან, სადაც შეიარაღებული ჯგუფები ჰყავთ. აქედან გამოდინარე, ეს ინიცაიტივა ძალიან მნიშვნელოვანი და მომგებიანიც იქნება ბიზნესისთვის. თუნდაც, კერძო პიროვნება დაინტერესდება და ჩადებს რაღაც თანხას“, – განაცხადა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადებას მხარი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებმა დაუჭირა.
ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი ტყვიის საწარმოს მშენებლობის ინიციატივით გამოდის.