ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შსს-ს 22 000 თანამშრომელს ანაზღაურება გაეზარდა” – გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ შს სამინისტროს 22 000 თანამშრომელს, მათ შორის, ოპერატიული მიმართულებით მომუშავე პირებს, დაცვის პოლიციასა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ანაზღაურება გაეზარდათ.

მისი თქმით, ხელფასების ზრდა მომავალ წლებშიც გაგრძელდება.

„სამინისტროს გამართული ფუნქციონირების, მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უმნიშვნელოვანესია, ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. ამ მიზნით, სამინისტროში არაერთი აქტივობა განხორციელდა. კერძოდ, დაინერგა ანაზღაურებადი სტაჟირების სისტემა, რაც სისტემაში ახალი, მოტივირებული კადრების მოზიდვას ემსახურება. ანაზღაურება გაეზარდა 22 000 თანამშრომელს, მათ შორის, ოპერატიული მიმართულებით მომუშავე პირებს, დაცვის პოლიციასა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს. ხელფასების ზრდა მომავალ წლებშიც გაგრძელდება. ყოველივე ზემოხსენებული ემსახურება სამინისტროს თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და მოტივაციის ამაღლებას.

ადამიანური რესურსების მართვის სისტემის რეფორმის ფარგლებში იგეგმება არაერთი აქტივობა. ვგეგმავთ, გავაუმჯობესოთ სამსახურში მიღების წესი. პოლიციის აკადემიის ბაზაზე პერმანენტულად განხორციელდება სამინისტროს თანამშრომლების მომზადება-გადამზადება. განვითარდება საგანმანათლებლო პროგრამები საპოლიციო საქმიანობაში იდენტიფიცირებული გამოწვევების ადეკვატურად. კარიერული წინსვლა დაეფუძნება ობიექტურ და გამჭვირვალე კრიტერიუმებს, დამსახურებასა და კვალიფიკაციას. პოლიციელთათვის გაუმჯობესდება სოციალური დაცვის მექანიზმები და ეტაპობრივად გაიზრდება მათი ანაზღაურება. ამასთანავე, განვითარდება სტაჟირების სისტემა, რაც უზრუნველყოფს სამინისტროში მოტივირებული და კვალიფიციური კადრების მოზიდვას”, – განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ  დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და ასევე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ძალოვან მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

იტვირთბა....