პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო ონკოლოგიური პაციენტების შეღავათიან ფასად მკურნალობის მიზნით, რამდენიმე ქვეყანასთან მოლაპარაკებებს გეგმავს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ქვეყნებში ქართველი პაციენტები შეღავათიან ფასად მკურნალობას იმ პერიოდამდე შეძლებენ, ვიდრე საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაბამისი სტანდარტის და ხარისხის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
„ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია ონკოლოგიური დაავადებების დროული აღმოჩენა და მართვის გაუმჯობესება. განსაკუთრებული აქცენტი მინდა გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შევეცდებით დავნერგოთ საქართველოს მასშტაბით თანამედროვე მიდგომები. ყველასთვის ცნობილია, რომ ძალიან დიდია ჩვენი მოქალაქეების მიგრაცია მკურნალობის საჭიროებისთვის. შევეცდებით, რომ იმ ქვეყნებთან, სადაც მაღალია საქართველოს მოქალაქეთა მიგრაცია, სახელმწიფო დონეზე წარმართოს მოლაპარაკება, რათა მოხდეს პაციენტების შეღავათიან ფასად მკურნალობა იმ პერიოდამდე, სანამ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეძლებს ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაბამისი ხარისხის და სტანდარტისა ხელმისაწვდომობას“, – განაცხადა ტიკარაძემ.
გარდა ამისა, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია რეგიონების ადგილზე გაძლიერება, რათა არ მოხდეს პაციენტების მიგრაცია დედაქალაქში მკურნალობის საჭიროებისთვის.