ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას, მისი გადადგომის მიზეზებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით კონსულტაციები პარტიის ოფისში მიმდინარეობდა, კონსპირაციის თეორიის ძებნა არ არის საჭირო
ბახტაძემ კონკრეტული პასუხი არ გასცა კითხვას, რატომ გადადგა თანამდებობიდან.
„ჩვენი ამოცანა იყო, რომ შეგვექმნა სტრატეგიული განვითარების ჩარჩო, დაგვეწყო მისი დანერგვა და უზრუნველგვეყო მისი მდგრადობა. ეს გაკეთდა და შესაბამისად, გაზაფხულის ბოლო მე მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ამ საკითხის ინიცირება თავად გამეკეთებინა. თავიდან, როცა ჩემი მხრიდან იყო ეს საუბრები, რა თქმა უნდა, არ იყო თანხმობა. საბოლოო ჯამში, გუშინ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება. ამაზე კონსულტაციები იყო პარტიის ოფისში და არსად სხვაგან. დღესაც იქნება ეს შეხვედრები და ხვალაც გაგრძელდება. ამიტომ, კონსპირაციის თეორიის ძებნა არ არის საჭირო, მიმდინარეობს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი“, – განაცხადა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.