ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გახარიას პრემიერობა იქნება ახალი, ძალიან მძიმე ტალღის გამომწვევი, რომელსაც მტკივნეულად იგრძნობს ოცნება” – მაქარაშვილი

შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან უკვე მესამე თვეა მიმდინარე საპროტესტო აქცია.  აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა ინტერპრესნიუსს ესაუბრა, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ინიშნება.

მაქარაშვილის განცხადებით, გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა აუცილებლად იქნება კიდევ ერთი ახალი ძალიან მძიმე ტალღის გამომწვევი, რომელსაც აუცილებლად ძალიან მტკივნეულად იგრძნობს „ქართული ოცნება“

მაქარაშვილის განმარტებით, გიორგი გახარიას მთავრობის მეთაურად გადაყვანა იქნება დასტური იმისა, რომ მმართველ გუნდს არ აინტერესებს საკუთარი ამომრჩევლისა და მოსახლეობის აზრი და არ აინტერესებს ის, თუ რა ხდება ქალაქის ცენტრში, სადაც 74-ე დღეა აქციები იმართება.

„იმ შემთხვევაში თუ გახარია გახდა პრემიერ-მინისტრი და როგორც ჩანს, აქამდე მიდის საქმე, ეს იქნება იმის დადასტურება, რომ მმართველ გუნდს საერთოდ არ აინტერესებს თავისი ამომრჩევლის და მოსახლეობის აზრი. არ აინტერესებს, რა ხდება ქალაქის ცენტრში, სადაც 74-ე დღეა უკვე აქციები ერთი კონკრეტული მოთხოვნით იმართება, რომ მოძალადე შს მინისტრი, რომელმაც დაუშვებელი შეცდომები დაუშვა, გადადგეს. ეს არის პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი მიდის სრულ ვა-ბანკზე და ეს არის ვა-ბანკი, რომელიც დასრულდება მისი თამაშის წესების სრული გატანით ან ის სრულ ფიასკოს განიცდის. ივანიშვილი ხვდება, რომ ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი საპარალამენტო არჩევნებამდე, მითუმეტეს როდესაც პროპორციული წესით არჩევნებზეა საუბარი, მას შანსები ისედაც ძალიან შემცირებულია და თუ სრული კონტროლი არ დაამყარა მედიაზე, თუ არ დააშინა ხალხი და მოაშივა მოსახლეობა, ფაქტობრივად, ნულია მისი შანსი, რომ დარჩეს ხელისუფლებაში“, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

აქციის ორგანიზატორის ინფორმაციით, მათი პროტესტი ისევ რადიკალური მოქმედებების გარეშე, მშვიდობიანი ფორმით გაგრძელდება, თუმცა ხელისუფლების მხრიდან აღნიშნული მოქმედებები ადამიანების მეტად გაბრაზებას და ივანიშვილის ხელისფულების შესუსტებას გამოიწვევს.

„რაც შეეხება ჩვენს რეაქციას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გახარიას დანიშვნა აუცილებლად იქნება კიდევ ერთი ახალი ძალიან მძიმე ტალღის გამომწვევი, რომელსაც აუცილებლად ძალიან მტკივნეულად იგრძნობს „ქართული ოცნება“ იმიტომ, რომ არასოდეს არცერთ ხელისუფლებაში, არცერთ დროში არ შერჩენია საკუთარი მოსახლეობის ასეთი დაცინვა და აბუჩად აგდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გამოიწვევს აქციის მონაწილეების რაოდენობის საგრძნობ ზრდას და ისედაც სექტემბერი მოვიდა და თბილისი, რომელიც რეალურად ეპიცენტრია ამ პროტესტის, ივსება თბილისელებით. ჩვენ არ ვართ დესტრუქციული ძალა და არ ვაპირებთ რადიკალურ მოქმედებებს, თუმცა ვადასტურებ იმას, რომ ეს ყველაფერი გამოიწვევს ადამიანების მეტად გაბრაზებას, რაც შეასუსტებს ბიძინა ივანიშვილის მმართველობას. ხვალ იქნება პარლამენტის პირველი სხდომა და ვაპირებთ „სირცხვილის კორიდორი“ მოვაწყოთ, საღამოს კი აქცია ჩვეულ რეჟიმში განახლდება“, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, მამუკა ბახტაძის ადგილს გიორგი გახარია, ხოლო გახარიას ადგილს ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.

იტვირთბა....