სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება, თითქოს ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე დრონი ქართველმა პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩამოაგდეს, არ შეესაბამება სინამდვილეს.
მათივე ცნობით, დღეს ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. კვადროკოპტერი ჰაერში შეეჯახა სამოქალაქო პირის უპილოტო საფრენ აპარატს, ე.წ. კვადროკოპტერს, რამაც გამოიწვია ორივე მათგანის დაზიანება და ჩამოვარდნა.
„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განწყობილია კონსტრუქციულად და უდიდეს ყურადღებას უთმობს არსებული სტაბილური გარემოს შენარჩუნებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, თითქოს აღნიშნული დრონის ჩამოგდება მოხდა ქართველი პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, არ შეესაბამება სინამდვილეს“, – განაცხადეს სუს-ში.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.