ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინა ბიაზროვმა სააგენტო “სპუტნიკთან” საუბრისას, ქართული მხარე ე.წ. საზღვართან „სამხრეთ ოსური“ მხარის კუთვნილი კვადროკოპტერის ჩამოგდებაში დაადანაშაულა.
„1 სექტემბრის დილით, უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სამხრეთ ოსეთის ძალოვან სტრუქტურას ეკუთვნოდა, სახელმწიფო საზღვართან ვიდეო დაკვირვებას ახორციელებდა. დაახლოებით 10:00 საათისთვის, საქართველოს დასახლებულ პუნქტ კობიდან, კვადროკოპტერის მიმართულებით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაიხსნა ცეცხლი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიისკენ. შედეგად, კვადროკოპტერი სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე ჩამოვარდა“, – განაცხადა ბიაზროვამ.
მისი თქმით, მანამდე, ანალოგიური ქართული საფრენი აპარატები „არაერთგზის ასრულებდნენ სადღეღამისო რეჟიმში დაზვერვას სახელმწიფო საზღვრის გაყოლებაზე და სამოქალაქო ობიექტების თავზე, რომლებსაც იცავენ სამხრეთ ოსეთის და რუსეთის მესაზღვრეები“.
ბიაზროვას თქმით, „უშიშროების კომიტეტმა“ განახორციელა ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის ინფორმირება.
„ამასთან ერთად, აუცილებლად მივიჩნევთ განვაცხადოთ, რომ სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო უპილოტო საფრენი აპარატის დაცხრილვა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მიმართულებით წარმოადგენს პირდაპირ პროვოკაციას“, – განაცხადეს დე ფაქტო კომიტეტში.