შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე, აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელ ყველა ორგანიზაციაზე 2019 წლის 1 სექტემბრიდან გავრცელდება.
დღეიდან შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნის ვალდებულება ყველა ორგანიზაციას დაეკისრება. დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები, თუმცა ეს იმ პირობით, თუ მას შესაბამისი აკრედიტებული პროგრამა აქვს გავლილი. თუ მას ჰყავს 20-დან 100-მდე დასაქმებული, ვალდებულია, ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში კი მან უნდა შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით.
ამავე კანონის ძალით, ზედამხედველ ორგანოს ენიჭება უფლება, წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ინსპექციას დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე, ნებისმიერ დროს.
ამასთანავე, კანონის ძალით, სხვა შემთხვევებთან ერთად, დასაქმებულს უფლება აქვს, კომპენსაცია პროფესიული დაავადების შედეგად მიყენებული ზიანისთვისაც მოითხოვოს.
ამ დრომდე, 31 აგვისტოს ჩათვლით, აღნიშნული კანონი მხოლოდ საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს მოიცავდა.