სოფელ წნელისში მოსახლეობის დასაცავად ე.წ. სამხრეთ ოსეთი ბლოკპოსტს განათავსებს – ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა გააკეთა.
მისი თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაგრძელდება.
ბიბილოვის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის პოზიცია უცვლელი რჩება – ქართულმა მხარემ ბლოკპოსტი უნდა აიღოს.
„ტექნიკური შეხვედრა დასრულდა. საერთო პოზიციამდე ვერ მივედით. მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს დაევალა, განათავსოს პოსტი, რომ ამ სოფელში მოსახლეობამ დაცულად იგრძნოს თავი“, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სოფელ ჩორჩანასთან შეხვედრა სამ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.