ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლებიც ერთ ლარად შეიძენენ

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მცხოვრებლები ერთ ლარად შეიძენენ, – შესაბამისი ცვლილებები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში უახლოეს დღეებში შევა – ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიიღო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამის შეღავათებით სარგებლობის საშუალება მიეცემა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა, სოციალური თუ ჯანმრთელობის სტატუსისა.

საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომლებიც განკუთვნილია გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ეპილეფსიისა და პარკინსონის სამკურნალოდ.

იგივე შეღავათი ვრცელდება საქართველოს მოქალაქე სოციალურად დაუცველ, ასაკით პენსიონერ, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე და ომის ვეტერანებზე. მედიკამენტების პროგრამით უკვე 90 000-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს, რომლებსაც წამლების ერთ ლარად შეძენა შეუძლიათ.

როგორც პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხები მოქალაქეებისთვის წარმოადგენდა მნიშვნელოვან ტვირთს, რომლის შესამსუბუქებლად მთავრობამ აამოქმედა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა, მთავრობა მომავალშიც განაგრძობს მუშაობას, რათა მაქსიმალურად დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოს თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ.

იტვირთბა....