ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

ბუნდესტაგის დეპუტატები საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო მოსკოვს ემუქრებიან

ბერლინისა და ბრიუსელის პოლიტიკოსები მკაცრად აკრიტიკებენ ახალ მონაცემებს, რომელიც  გერმანიაში, საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას ეხება, მითუმეტეს მას შემდეგ, როცა გერმანულ პრესაში გაჩნდა ვერსია, რომ ქართველის მკვლელობა რუსული სპეცსამსახურების მიერ არის ორგანიზებული. ამის შესახებ ინფორმაციას პრესტიჟული გერმანული გამოცემა “დერ ტაგერშპიგელი” ავრცელებს.

როგორც აღნიშნულ გამოცემას ბუნდესტაგის დეპუტატმა და შიდაპოლიტიკის ექსპერტმა ბიჯან ჯირ-სარაიმ განუცხადა, თუკი დამტკიცდება, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა რუსეთის სახელმწიფო უწყებამ განახორციელა, ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც დამძიმებულ რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებს.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა უნდა მოითხოვოს რუსეთის ელჩთან შეხვედრა და უთხრას და აუხსნას მას, რომ მსგავსი ქმედებები მიუღებელია.

“ეს ინციდენტი შესაძლოა იქცეს საკმაოდ სერიოზულ მომენტად გერმანიის დღევანდელი პოლიტიკისა რუსეთის მიმართ” – აცხადებს ევროპარლამენტის წევრი “მწვანეთა მოძრაობიდან” რაინჰად ბიუტიკოფერი.

მისი თქმით, მითუმეტეს, რომ რუსეთ-გერმანიის დღევანდელი ურთიერთობა მთლად სახარბიელო არ არის. ის თვლის, რომ აქ მთავარი შეცდომა არის ახალი გაზსადენის, “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მხრადაჭერა.

საკმაოდ მკაცრი იყო თავის კომენტარში ბუნდესტაგის კიდევ ერთი დეპუტატი ომიდ ნურიპური. მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ საკითხის გადაცემა გაეროს უშიშროების საბჭოსთვის, რადგან ის თვლის, რომ გერმანია არ უნდა იყოს “დამკვირვებლის როლში” მაშინ, როცა არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება დაარღვიოს მისი სუვერენიტეტი.

იტვირთბა....