ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ერგნეთში, ინციდენტების პრევეცნიისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 95-ე შეხვედრა იმართება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის,  ირაკლი ანთაძის განცხადებით, საოკუპაციო ძალების უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციული ქმედებების შედეგად დაგროვდა არაერთი აღმაშფოთებელი ინციდენტი.

აღნიშნული განცხადება ირაკლი ანთაძემ ერგნეთში, ინციდენტების პრევეცნიისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 95-ე შეხვედრასთან დაკავშირებით გააკეთა. 

„დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგით დაგეგმილია 10 საკითხის განხილვა. განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, რაც საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების გარემოს. სამწუხაროდ, მოცემულ პერიოდში საოკუპაციო ძალების უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციული ქმედებების შედეგად დაგროვდა არაერთი აღმაშფოთებელი ინციდენტი, რასაც მთელი სიმწვავით გავაჟღერებთ დღევანდელ შეხვედრაზე. ვგულისხმობ მაგალითად გუგუტიანთკარში განხორციელებულ უკანონო „ბორდერიზაციას“, რა დროსაც მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ძალებმა პირდაპირ ეზოში აღუმართეს უკანონო, ხელოვნური ბარიერები. მწვავედ გავაპროტესტებთ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ადგილზე დაძაბულობის, ხელოვნურად ესკალაციის მცდელობას წარმოადგენს. ეს არის უკიდურესად სახიფათო და პროვოკაციული ქმედება და ამ საკითხს მთელი სიმწვავით გავაჟღერებთ დღევანდელ შეხვედრაზე. ასევე, ვისაუბრებთ საოკუაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე. ამას გარდა, მთელი სიმძაფრით დადგება ოკუპირებულ ქართულ სოფელ ერედვში საოკუპაციო ძალების მიერ განდევნილი ადგილობრივი ქართული მოსახლეობის კუთვნილი სახლების დანგრევისა და მათ ადგილზე ნაგავსაყრელის მოწყობის საკითხი. ამ მწვავე დღის წესრიგის პარალელურად, რა თქმა უნდა, კვლავ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტს”, – განაცხადა ანთაძემ.

ერგნეთში შეხვედრას თანათავმჯდომარეობას უწევენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი და ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, რუდოლფ მიჰალკა. შეხვედრას ესწრებიან ქართული და რუსული მხარის უწყებების წარმომადგენლები, ასევე, ოსური მხარის ე.წ. უწყებების წარმომადგენლები.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები თითქმის ყოველთვიურად იმართება, რომლის ფარგლებშიც ძირითადად განიხილება წინა შეხვედრის შემდგომ მომხდარი მოვლენები.

იტვირთბა....