ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

20-21 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშირებით, პასუხისგებაში კიდევ 1 პოლიციელი მიეცა

20-21 ივნისს, პარლამენტის შენობასთან მომხდარი ფაქტის გამო, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული აქციის მონაწილის მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, პასუხისგებაში მიეცა შსს-ს კიდევ ერთი თანამშრომელი. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.
”გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულმა თანამშრომელმა გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირზე, იმ ვითარებაში, როდესაც არ არსებობდა დაკავებულის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენების წინაპირობა და აუცილებლობა.” – განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურა მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით.
შეგახსენებთ, გამოძიება გრძელდება 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობასთან და მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ, სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....