ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის მიმდინარეობას თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
კახა კალაძემ საგზაო სამუშაოების დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეაბილიტირდა როგორც ბარათაშვილის ხიდის ქვემოთ სანაპიროს მონაკვეთი, ისე ბარათაშვილის ხიდზე არსებული ასფალტის საფარი და სასტუმრო „ამბასადორთან“ ჩასასვლელი პანდუსი.
„მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მონაკვეთზე, მშრალი ხიდიდან მეტეხის ხიდამდე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მძღოლები დამეთანხმებიან, რომ განსაკუთრებით ბარათაშვილის ხიდის ქვემოთ იყო სერიოზული დაზიანებები. ეს გზა მთლიანად რეაბილიტირდა. გარკვეული შეფერხებები არის ავტომანქანებისთვის, რისთვისაც მინდა, მძღოლებს კიდევ ერთხელ მოვუბოდიშო. უბრალოდ გვინდა, რომ ზაფხულის ეს ცხელი დღეები გამოვიყენოთ იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რომელთა განხორციელება აუცილებელია. ყველა სამუშაო ამაღამ დასრულდება და დარჩება მხოლოდ დახაზვის სამუშაოები, რომელსაც მოგვიანებით განვახორციელებთ. კონკრეტულად ამ პროექტზე 2 მლნ ლარზე მეტი თანხა იხარჯება. გარდა ამისა, ამ პროექტის ფარგლებში მოვაწესრიგეთ თვითონ ბარათაშვილის ხიდზე არსებული ასფალტის საფარი, რომელიც ასევე დაზიანებული იყო და რეაბილიტირდა სასტუმრო „ამბასადორთან“ ჩასასვლელი. გვინდა, თანდათან ყველა რაიონში, ყველა უბანსა და ქუჩაზე შევიდეთ, სადაც ანალოგიური პრობლემა არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რეაბილიტაციის პროცესი დაახლოებით ერთი თვე გაგრძელდა. მარჯვენა სანაპიროს სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ “ბლექ სი გრუპი” განახორციელა.
სამუშაოები მერთან ერთად თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ და მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ დაათვალიერეს.

იტვირთბა....