სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში მსოფლიოში მიმდინარე კლიმატურ ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მემარჯვენე ისტერიის მიუხედავად მსოფლიო უნდა შეთანხმდეს კლიმატის ცვლილების ფაქტობრივ-კატასტროფულ საფრთხეზე და დაიწყოს ბრძოლა თვითგადარჩენისთვის.
“თითქოსდა ჯერ ვერ ვიზარებთ, მაგრამ ახლა ყველას ფილტვები გვეწვის.
მსოფლიო ჟანგბადის 20% ნადგურდება და იკარგება.
ცეცხლში იღუპება 3 მილიონი სხვადასხვა ჯიშის უნიკალური ცხოველი.
ხანძრის ტყვეობაშია მოქცეული 1 მილიონამდე აბორიგენი მოსახლეობა – ამაზონის ინდიელები, რომლებიც საუკუნეებია ამ ტყის მცველები არიან. იცავენ გაჩეხვისგან, ხანძრისგან, ინდუსტრიებისგან და ფერმებისგან. დღემდე უარს აცხადებენ დატოვონ ტყე და თავი გაარიდონ ხანძარს. შიშველი ხელებით იბრძვიან და ამაზონის ტყის მსოფლიო მნიშვნელობაზე ელაპარაკებიან მედიას და სიკვდილის რეალურ საფრთხესაც კი მარტივად გზად სახავენ.
ციმბირის ტყის დიდი ნაწილი უკვე შეგვიძლია ,,ნახშირით გავაფერადოთ” და მოვნიშნოთ რუკაზე, რაც ამაზონთან ერთად მეორე ფილტვი იყო მსოფლიოსთვის.
ნელ-ნელა ჩვენივე ხელით ვითხრით სამარეს ამ ნაჯიჯგნ და მკერდგამოთხრილ დედამიწაზე.
ჩვენვე ვეპატიჟებით სიმსივნურ დაავადებებს, კარცეროგენებს და შხამებს ჩვენს ორგამიზმში და საარსებო სივრცეში.
მემარჯვენე ისტერიის მიუხედავად მსოფლიო უნდა შეთანხმდეს კლიმატის ცვლილების ფაქტობრივ-კატასტროფულ საფრთხეზე და დაიწყოს ბრძოლა თვითგადარჩენისთვის.
ხშირად ეს ბრძოლა ჩვენი ცხოვრების წესზე გადის, რამდენად ვართ გარემოსთან თანაარსებობაში და რამდენად შეგვიძლია მინიმალური ძალისხმევით მაინც ნაკლები ზიანის მოტანა გარემოსთვის.
მწვანე ცხოვრების წესი, არის გარდაუვალი დღის წესრიგი, რაზეც მოგვიწევს დაფიქრება, სანამ ძალიან გვიანი არაა.
ჩვენ გვქვს ასეთი არჩევანი: კაცობრიობის მომავალი იქნება 《მწვანე》 ან მომავალი საერთოდ არ გვექნება!”, – წერს კუპრაძე.