“თავისუფალი საქართველო” პედაგოგების დასკვნით გამოცდებთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს დაგეგმილი რეფორმა და დარგის სპეციალისტებთან ერთად, შემოწმებულ იქნას გამოცდების სტანდარტი.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“წლის ბოლომდე, სკოლის პედაგოგების დასკვნითი გამოცდები უნდა ჩატარდეს, რის შემდეგაც იგეგმება 2019 წლის 31 დეკემბრამდე არსებული შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა. დღეის მდგომარეობით, გამოცდები ჩაბარებული აქვს პედაგოგთა მესამედზე ნაკლებს და ეს რიცხვი, სავარაუდოდ, არც ნოემბერში დაგეგმილი გამოცდების შედეგად შეიცვლება. შესაბამისად, სკოლის პედაგოგების ნახევარზე მეტს, 31 დეკემბრამდე, სამსახურის დატოვება მოუწევს.
გარდა იმისა, რომ გამოცდების ჩასაბარებლად შემჭიდროებული ვადებია დადგენილი, აღსანიშნავია სკოლის პედაგოგების სხვა მრავალრიცხოვანი პრეტენზიები: მაგალითად, ისინი მიუთითებენ, რომ საგამოცდო ტესტები არასამართლიანად არის შედგენილი და ამ პროცესებში იკითხება მიზანმიმართული განზრახვა, რომ გამოცდების ამოცანა არის არა პედაგოგების კვალიფიკაციის დონის შემოწმება, არამედ სამსახურებიდან მათი მასობრივი გაყრა.
ამ ყველაფერს დაერთო რამდენიმე დღის წინ განათლების სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება – მან, პედაგოგების მისაღებად, ახალი კონკურსი გამოაცხადა. როგორც ჩანს, განათლების სისტემაში უკვე მომუშავე პედაგოგების ახალი პედაგოგებით ჩანაცვლება ნამდვილად არის დაგეგმილი.
განათლების სამინისტროში პროცესებს დღესაც ხელმძღვანელობენ კახა ლომაიას დროინდელი კადრები, რომელთა ამოცანაც იყო და არის განათლების ეროვნული სისტემის ბოლომდე მორღვევა და მის ნაცვლად, ანტისახელმწიფოებრივი სისტემის ფორმირება, რისთვისაც აუცილებელია, როგორც კადრების მასობრივი ცვლილება, ასევე განათლების პროგრამების შეცვლა, რაც ზემოაღნიშნული პროცესის პარალელურად მიმდინარეობს.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს დაგეგმილი რეფორმა და დარგის სპეციალისტებთან ერთად, შემოწმებულ იქნას გამოცდების სტანდარტი, წმინდა პროფესიული თვალსაზრისით.
ჩვენ ასევე მოვუწოდებთ პედაგოგებს, მათი უფლებების დარღვევის თითოეულ შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ და აქვე ვაცხადებთ, რომ 1 სექტემბრიდან, პარტია „თავისუფალი საქართველო“, პედაგოგებთან ერთად, განათლების სისტემის ნგრევის წინააღმდეგ, დავიწყებთ მასობრივი ღონისძიებების ორგანიზებას როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.” – ვკითხულობთ განცხადებაში.