ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმეზე პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, საზოგადოებაში ყოველთვის იქნება კითხვის ნიშნები, თუკი პროკურატურა ვერ შეძლებს გარკვეულ კითხვებზე პასუხების გაცემას.
“ზუსტად არ ვიცი რა მიზნით მოდის ის პოლიტიკაში – ცვლილებების მოსახდენად თუ თავის დასაცავად. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, პროკურატურას და ხელისუფლებასაც ასეთ რეზონანსულ საქმეზე, ესაჭიროებათ, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, უფრო ეფექტური კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რაც ჯერჯერობით არ ჩანს.
არაეფექტური კომუნიკაციის შედეგად გროვდება გაურკვევლობა და პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებიც ბუნებრივია იწვევს როგორც მინიმუმ უკმაყოფილების აკუმულირებას საზოგადოების თუნდაც ერთ ნაწილში.
მაგალითად, საზოგადოებაში და ექსპერტულ წრეებში აქტიურად ისმის კითხვა, რომ ამ საქმეს არ ჰყავს დაზარალებული და მომჩივანი. პროკურატურამ კი დღემდე ვერ აუხსნა საზოგადოებას, მარტივ, გასაგებ, რომ იტყვიან „ხალხოსნურ“ ენაზე, თუ კონკრეტულად ვის და რას მიაყენეს ზარალი ხაზარაძემ და ჯაფარიძემ და როგორ? ვიდრე ეს არ გაკეთდება, ხელისუფლებას მუდამ ეკიდება ტვირთად ბრალდება, რომ ის მიუღებელ ოპონენტებს დევნის.” – წერს ანჯაფარიძე.
შეგახსენებთ, “თიბისი” ბანკის მეპატრონეს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა წლების წინ მომხდარ ფაქტს ედავება. ბრალმდებლები მათ ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს.