ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

” წერეთლის სამართლებრივი დევნა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაზე კითხვებს ამძაფრებს” – არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურის მიერ ტელეკომპანია “პირველის” მფლობელის ოჯახის წევრისთვის ბრალის წარდგენაზე განცხადებას ავრცელებს.

NGO-ებში აცხადებენ, რომ მიმდინარე გამოძიების ირგვლივ არაერთი ლეგიტიმური კითხვა გაჩნდა. კერძოდ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიერ მაშინვე გამოითქვა ეჭვი, რომ ეს საქმე შესაძლოა, პოლიტიკურად ყოფილიყო მოტივირებული:

“შექმნილ ვითარებაში, და განსაკუთრებით კრიტიკული მაუწყებლის – “რუსთავი 2”-ის, გარშემო განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, როდესაც ტელეკომპანიის მფლობელისა და მენეჯმენტის ცვლილებას რეალურად მოჰყვა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ გადადგმული ნაბიჯები, უკიდურესად შემაშფოთებელია კიდევ ერთი კრიტიკული ტელემაუწყებლის “ტვ პირველის” მფლობელის ოჯახის წევრის – ავთანდილ წერეთლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება.

ჩნდება ეჭვი, რომ საგამოძიებო პროცესი შესაძლოა, გამოყენებულ იქნას დამოუკიდებელ და კრიტიკულ მაუწყებელზე ზეწოლისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მცდელობას სახელისუფლებო გუნდის მხრიდან, სავარაუდოდ, ადრეც ჰქონდა ადგილი” – ვკითხულობთ გაცხადებაში.

განცხადების ხელმომწერ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები უკიდურესად შემაშფოთებელ ხასიათს ატარებს და საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებასა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას:

“სახეზეა არაფორმალური მმართველობისა და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენცია, რაც მოიცავს დიდი ძალაუფლების კონცენტრაციას მმართველი პარტიისა და გავლენიანი პირების ხელში და მათ მიერ საჯარო ინსტიტუტების გამოყენებას კერძო მიზნებისა და ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის” – წერია განცხადებასი.

NGO-ები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, კარგად გააცნობიეროს საკითხის სერიოზულობა და გაიაზროს ის ზიანი, რაც სახელმწიფო ინტერესებს შეიძლება შეექმნას შერჩევითი თუ პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ საფუძვლიანი ეჭვების კიდევ უფრო გაღრმავებით.

საქართველოს გენერალურ პროკურატურას კი მიმართავენ წარმოადგინოს და გაასაჯაროვოს დამაჯერებელი მტკიცებულებები, როგორც ხაზარაძისა და ჯაფარიძის, ასევე ავთანდილ წერეთლის ბრალეულობის შესახებ, რათა საზოგადოებაში არ დარჩეს კითხვები ბრალდების სხვა მოტივებთან დაკავშირებით.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  • სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  • მედია განვითარების ფონდი
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტ
იტვირთბა....