ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

HRW – “არცერთი წელი სიკვდილის გარეშე” – საქართველოში მშრომელთა უფლებები და უსაფრთხოება რისკის ქვეშაა

Human rights watch-ის შეფასებით, საქართველოს მაღაროებში დასაქმებულთა უსაფრთხოება სერიოზული რისკის ქვეშაა. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ მდგომარეობის მიზეზი არასაკმარისი სამთავრობო რეგულაციები ის სამუშაო პრაქტიკაა, რომელიც წინა პლანზე პროდუქციის მოპოვებას აყენებს, მშრომელების უსაფრთხოებას კი საფრთხეს უქმნის.

აღნიშნულ პრობლემას Human rights watch უძღვნის კვლევას, სათაურით – არცერთი წელი სიკვდილის გარეშე”. კვლევაში ვკითხულობთ, რომ რეგულაციების არარსებობის ათწლეულმა, ქართველი მაღაროელების სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენა.

კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოში შრომის კოდექსი არასაკმარისად არეგულირებს სამუშაო საათებს, დასვენების დროს, ღამის სამუშაოს. ამასთანავე, არ ითვლისწინებს სამთავრობო ზედამხედველობას ყველა სამსახურზე.

როგორც ალან რ. და ბარბარა დ. ფინბერგების სტიპენდიატმა, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილებაში, კორინა აჟდერმა განაცხადა, სანამ საქართველო სამუშაო საათებს დაარეგულირებს და შრომის პირობების ინსპექტირებაზე სათანადოდ იზრუნებს, ათასობით მშრომელი კვლავ მომეტებული საფრთხის წინაშე იქნება. მანგანეზი, მინერალი, რომელიც ფოლადის წარმოებაში გამოიყენება, საქართველოს საექსპორტო პროდუქტებს შორის ერთერთი პირველია.

მანგანეზის უმსხვილესი მწარმოებელს, “ჯორჯიან მანგანეზს” (GM), რომელიც მართავს 11 მაღაროსა და გადამამუშავებელ ქარხანას, 3 500 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ამ კომპანიაში მომუშავეებმა, Human Rights Watch-ს განუცხადეს, რომ ისინი მიწის ქვეშ გადაბმულად, 12 საათის განმავლობაში მუშაობენ, თვეში 15 დღე, რის გამოც, დაქანცულები არიან, ამასთანავე, გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელფასიდან, ჯარიმასაც ახდევინებენ.

“მუშაობის მე-9 ან მე-10 ღამეს ყველა გადაღლილია და ძალიან ბევრს ეძინება”, – ამბობს მერაბი, “ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებული. ის მიწის ქვეშ ზედიზედ ყოფნის მე-14 ღამეს დაშავდა.

“ჩემ გვერდიძ ვინც იჯდა, ჩაეძინა და შემთხვევით, ჩაერთო მოწყობილობა, რის გამოც მე დავიჭერი და საკუთარ ნეკნებს ვხედავდი”, – ჰყვება ის.

HRW აღნიშნავს, რომ ცვლებს შორის, კომპანია დასაქმებულებს საერთო საცხოვრებელში აცხოვრებს, რათა პროდუქციის მაქსიმუმი მიიღოს.

მსგავსი რისკების წინაშე არიან მეშახტეები, რომლებიც “საქნახშირში” მუშაობენ. მათი თქმით, ანაზღაურებას მოპოვებული პროდუქციის მიხედვით იღებენ, გეგმა კი, რომელსაც მათ უსახავენ, შეუძლებელია უსაფრთხოდ შესრულდეს.

Human rights watch-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2006 წელს, საქართველომ გააუქმა შრომის ინსპექცია და დრამატულად შეამცირა მშრომელთა უსაფრთხოება. ამავე კვლევის თანახმად, საწარმოო სიკვდილიანობის შემთხვევები 74%-ით გაიზარდა, საიდანაც, უმეტესი წილი მაღაროელებსა და სამშენებლო სექტორში დასაქმებულებზე მოდის.

2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს სათავეში ახალი მთავრობა მოვიდა, ქვეყანამ, თანდათანობით, დაიწყო ზრუნვა მშრომელთა უფლებებზე, რისი ნაწილიც იყო, 2015 წელს, შეზღუდული მანდატით, მაგრამ მაინც, შრომის ინსპექციის შექმნა.

2018 წელს, საქართველო შეანჯღრია ერთ თვეში მომხდარი შემთხვევების დროს, ტყიბულის შახტაში 10 მეშახტის სიკვდილმა. არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებების ფონზე, 2019 წლის თებერვალში, პარლამენტმა მეტი ძალით აღჭურვა შრომის ინსპექტორები. მიუხედავად აღნიშნული ცვლილებებისა, რომლებიც ძალაში სექტემბრიდან შედის, ინსპექტორებს მაინც შეზღუდული მანდატი აქვთ. რადგან არ აქვთ უფლება, დაარეგულირონ ზეგანაკვეთური სამუშაო, საწარმოო ზეწოლა და რთული სამუშაო პირობები.

HRW დასძენს, რომ მაღაროელთა წვლილი საქართველო ეკონომიკაში არ ამართლებს არსებულ დარღვევებს.

ამ მიგნებების საპასუხოდ, “ჯორჯიან მანგანეზმა” განაცხადა, რომ დასაქმებულთა უფლებები, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მათთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო.

“ჩვენ, შესაძლოა, გვქონდეს მცირე ნაკლი, მაგრამ მზად ვართ,ამაზე ვიმუშაოთ”- აცხადებენ “ჯორჯიან მანგანეზში”.

“საქნახშირში” კი ამბობენ, რომ 2017 წელს შექმნეს უსაფრთხოების სპეციალური განყოფილება, და შრომის უსაფრთხოება კომპანიისთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო.

კვლევაში საუბარია, რომ საქართველოში არსებულ მდგომარეობას აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის – ევროკავშირი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და გაერო.

2019 წლის აპრილში, გაეროს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა, საქართველოში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში შრომითი უფლებების მთელ ასპექტები დაურეგულირებელი, რაც შემაშფოთებელია.

HRW-ის რეკომენდაციები:

საქართველოს მთავრობამ უნდა იზრუნოს შრომის კოდექსის დახვეწაზე, რათა დაიცვას მშრომელები ზეგანაკვეთური სამუშაოსგან და იმ ზეწოლისგან, რაც მათ საფრთხეში აგდებს. მთავრობამ უნდა შექმნას დამოუკიდებელი, ადექვატური შრომის ინსპექტირების სამსახური, ისეთი მანდატით, რომელიც შესაძლებელს გახდის საქართველოში არსებული შრომის პირობების საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევას.

კომპანიებმა კი, რომლებიც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე მუშაობენ, პატივი უნდა სცენ დასაქმებულთა უფლებებს, დაიცვან მათი უსაფრთხოება. საქართველოს სავაჭრო პარტნიორებმა, მათ შორის, ევროკავშირმა და აშშ-მ , საქართველოსგან უნდა მოითხოვონ შრომითი უფლებების სრული პატივისცემა.

ეს მიდგომა ეტაპობრივად, შეამცირებს მაღაროელთა სიცოცხლის ყოველდღიურ რისკს. მთავრობამ კი უნდა იმოქმედოს სწრაფად, რათა გამოასწოროს წარსული შეცდომები.

თამთა ქარქაშაძე

მთავარი ფოტო: “მაღაროელი ებრძვის სიბნელეს”, © ლია უკლება 

ტექსტში გამოყენებული ფოტო: მაღაროელი მანგანეზის გვირაბში, ჩიათურა, საქართველო, 2014 წელი, © დარო სულაკაური 

 

იტვირთბა....