ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ბრალი წარუდგინეს

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ბრალი წარუდგინეს. მან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება უკვე დატოვა. მანამდე კი მედიასთან განაცხადა, რომ ბრალის წარდგენის შესახებ დეტალურად ვერ ისაუბრებს, რადგან მასალა დისკებზე ჩაწერილი გადასცეს და ჯერ არ უნახავს.

„ჯერ უნდა გავეცნო მასალას და დამატებით დეტალებზე შემდეგ ვისაუბრებ“, – განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

მას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებითი ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენებას ედავება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ვაჟა ფანოზიშვილის ინფორმაცით, ლაურა ღაჭავამ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სხვა პირებთან ერთად, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანისა და უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ყალბი ხელშეკრულებების გაფორმების გზით, კომპანიის მიერ წარდგენილ დღგ-ს, საშემოსავლოსა და სოციალური გადასახადის დეკლარაციების დაზუსტებისა და არარსებული ოპერაციებით მანიპულირების გზით, თავის კომპანიას შეუქმნა რამდენიმემილიონიანი ყალბი აქტივი დამატებული ღირებულების გადასახადში, რომლითაც, შემდგომში იფარებოდა კომპანიების მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები და ნავთობპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო მოსაკრებლები.

ლაურა ღაჭავას მიერ, გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, გამოძიებით, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

პარალელურად მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზია “მთავარი არხი” ლაურა ღაჭავას საკუთრებაში არსებულ ერთ-ერთ შენობაში უნდა განთავსებულიყო.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელი ნიკა გვარამიასთან ცდილობდა დაეზუსტებინა რამდენად შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია რეალობას. გვარამია ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ ამ თემაზე მხოლოდ ლაურა ღაჭავას განმარტებების შემდეგ ისაუბრებს.

„ჯერ ქალბატონმა ლაურამ ისაუბროს ამაზე და მერე გავაკეთებ მე კომენტარს“, – ამბობს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებითი ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

იტვირთბა....