ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბახტაძე და თალაკვაძე გუგუტიანთკარში ღამით, ჟურნალისტების გარეშე ჩავიდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ გუგუტიანთკარში, გოჩა მარღიშვილის ოჯახში სტუმრობისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, უშუალოდ მოსახლეობისაგან მოვისმინო იმის შესახებ, რაც მათ აწუხებთ და სჭირდებათ.

მთავრობის მეთაურის გუგუტიანთკარში ჩასვლის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს, ვინაიდან მამუკა ბახტაძის მიერ ადგილობრივებთან სტუმრობა მედიისთვის დაანონსებული არ ყოფილა და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი საოკუპაციო ხაზთან ჟურნალისტების გარეშე იმყოფებოდა.

„ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი პროექტი განვახორციელეთ აქ, მაგრამ გვაქვს მიმდინარე პროექტებიც, რომელთა ტემპები კიდევ უფრო დაჩქარდება. მოსახლეობის თხოვნით მალე გადაიჭრება სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა, დავასრულეთ გზის მშენებლობა, მოვაწყეთ სარწყავი ინფრასტრუქტურა. ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილია”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ადგილობრივი ახალგაზრდების თხოვნით გუგუტიანთკარში ახალგაზრდებისთვის სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივებთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა, რომ სოფელში შემოსავლის წყაროს გაჩენა მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„სოფლის მეურნეობის პროგრამები არის უმნიშვნელოვანესი. გპირდებით, რომ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ რწმენა, რომ თავისი შესაძლებლობების რეალიზაციას აქ, თავის მშობლიურ სოფელში შეძლებენ. ძალიან მნიშვნელოვანია შრომა, მშვიდობიანი განვითარება და ერთსულოვნება. ასეთი გამოწვევები და განსაცდელები ჩვენ გვქონია საუკუნეების განმავლობაში და ერთსულოვნებით გადაგვილახავს. ყველაზე მიუღებელია ასეთ საკითხებზე სპეკულაცია,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გუგუტიანთკარში შეხვედრას მთავრობის მეთაურთან ერთად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ.

იტვირთბა....