საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვასთან დაკავშირებით, საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ.
უწყების ცნობით, დოკუმენტს სეიმის სხვადასხვა ფრაქციათა 13 წევრმა მოაწერა ხელი, კერძოდ, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ იუოზას ბერნატონისმა, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ და ვიცე-პიკერმ გედიმინას კირკილასიმ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა, სეიმის წევრებმა ჟიგიმანტას პავილიონისმა, აუდრონიუს აჟუბალისმა, ლაურინას კაჩშიუნასმა, მანტას ადომენასმა, ემანუელის ზინგერისმა, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმა, რუტა მილიუტესმა, ეგიდიუს ვარეიკისმა, აუშრინე არმონაიტემ, ასევე მმართველი პარტიის „მწვანეთა და ფერმერთა კავშირის“ თავმჯდომარემ რამუნას კარბაუსკისმა.
სეიმის წევრთა 13 კაციანი ჯგუფი კიდევ ერთხელ გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს, რუსეთის ფედერაციას დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, შეწყვიტოს უკანონო მოქმედებები საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ და სრულად შეასრულოს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები.
სეიმის წევრთა ჯგუფის განცხადებაში დაფიქსირებულია მოთხოვნა გაუქმდეს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონების „დამოუკიდებლობის“ უკანონო აღიარება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დაშვებულ იქნან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამკვირვებლები.
განცხადება ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას კვლავ აქტიურად იმოქმედოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე.
ლიეტუვის სეიმის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ მასალაში ასევე ნათქვამია, რომ პარლამენტართა ჯგუფმა საჯარო განცხადება მოამზადა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული პროვოკაციების ფონზე, ოკუპირებულ ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონის გუგუტიანთკარში უკანონო ბარიერების აღმართვის, საცხოვრებელ ადგილებზე და მათ გარშემო ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების, აძვისთავის და ახალუბნის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების, რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობის შემდგომი დესტაბილიზაციის შემდეგ.
განცხადებაში ასევე დაფიქსირებულია, რომ თერთმეტი წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქმედებების დროს ოკუპირებული იქნა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონები, ხოლო აგრესიული სამხედრო ქმედებები და სხვადასხვა პროვოკაციები დღემდე ხორციელდება.