ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზურაბ ჯაფარიძის ანგარიშები დაყადაღებულია

“ახალგაზრდა ადვოკატების” ჩივილის შემდეგ, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ანგარიშებს ინკასო დაედო.

საქმე ეხება ჯაფარიძის 2015 წლის 17 თებერვალს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, როდესაც მან ორგანიზაცია მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახელს დაუკავშირა.

როგორც „გირჩის“ ლიდერმა აღნიშნა, „ახალგაზრდა ადვოკატები“, პირადად ღარიბაშვილის მიერ მართული ორგანიზაციაა.

ორგანიზაციამ ეს განცხადება ცილისწამებად შეაფასა. მათივე მტკიცებით, ამის გამო ორგანიზაციას ზიანი მიადგა და ერთ-ერთმა დონორმა მასთან თანამშრომლობაც შეაჩერა, რის შემდეგაც მომსახურებისათვის განსაზღვრული 5050 ლარი ვერ მიიღეს. ორგანიზაციამ ჯაფარიძეს სასამართლოში უჩივლა.

ჯაფარიძის განცხადებით, დავა საქალაქო სასამართლოში მოიგო, თუმცა, არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ორგანიზაციამ სააპელაციოში გაასაჩივრა.

„მეორე ინსტანციაში სხდომაზე არ ვყოფილვარ არც მე, არც ჩემი წარმომადგენელი, და ახლა, 2019 წელს, უკვე დაბერებული ადვოკატების სარჩელი დაუკმაყოფილებია მეორე ინსტანციის სასამართლოს”, — წერს ჯაფარიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს. ასევე, არ აპირებს ინფორმაციის უარყოფას.

მომესაჯა „იმედის“ ეთერში გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა + 300 ლარიანი ჯარიმა. ჯარიმის გამო ინკასო დაადეს ჩემ ანგარიშებს. ჰოდა: ჯარიმას ჩემი ნებით არ გადავიხდი. ინფორმაციის უარყოფას არ ვაპირებ. მეტიც, ისევ ისე ვარ დარწმუნებული რომ ეს ორგანიზაციაა ოცნების შნირია“, – წერს ჯაფარიძე.

იტვირთბა....