“ამ ეტაპზე ტელეკომპანიის მყიდველი არ გამოჩენილა” – ამის შესახებ ქრონიკასთან სატელეფონო საუბარში “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხდა.
“საუბრები გაკოტრების შესახებ არის გადაჭარბებული. ამგვარი რამ არ იგეგმება, თუმცა იგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიას ვალების გასტუმრებაში”, — აღნიშნა სალიამ.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან თითქმის ერთი თვის თავზე, 12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსთავი 2-ის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი, ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიას ყიდის. მყიდველის გამოჩენისთვის მას ერთკვირიანი ვადა ჰქონდა დაწესებული.
ხალვაშმა განაცხადა, რომ არხის გაყიდვასთან დაკავშირებით მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან არ გამართავს მოლაპარაკებას, ყველა პოტენციურმა მყიდველმა კი სურვილის შესახებ საჯაროდ უნდა განაცხადოს. არხის მფლობელმა თქვა, რომ მხოლოდ იმ პირებთან ისაუბრებს, ვისაც საბანკო გარანტია ექნება ან საკონკურსო ანგარიშზე არანაკლებ მილიონ დოლარს განათავსებს. არხი გახდება მისი, ვინც ყველაზე მეტს გადაიხდის.
ქიბარ ხალვაშის მტკიცებით, ყველა სამართლებრივი საფუძველი არსებობის იმისათვის, რომ დაიწყოს კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. მისი განმარტებით, არხის დავალიანება 70 მილიონ ლარს უახლოვდება, საიდანაც 27 მილიონამდე საბიუჯეტო გადასახადია.
რუსთავი 2-ის წილების მფლობელობაზე პარალელურად დაობენ ტელეკომპანიის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე. ამავე დროს, არხის 30 პროცენტზე სასამართლოში დავობს კიდევ ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის ცოლი, ია კიწმარიშვილი.