ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი

შეფასება, რომ რუსეთი იძულებული გახდა შემოჭრილიყო, ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია – მდინარაძე “იმედის” ფილმზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “იმედის” ეთერში აგვისტოს ომზე გასულ ფილმს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის ნაწილი, სადაც საუბარია შეფასებაზე, რომ ოკუპანტი ქვეყანა იძულებული გახდა ჩვენს ქვეყანაში შემოჭრილიყო, მისთვის მიუღებელია.

“ორი დღეა ვუყურებ ვნებათაღელვას იმედზე გასული რეპორტაჟის თუ ფილმის გამო. არ მქონდა ნანახი და როგორც იქნა ვნახე მეც.

ის ნაწილი, სადაც საუბარია შეფასებაზე, რომ თითქოს ოკუპანტი ქვეყანა იძულებული გახდა ჩვენს ქვეყანაში შემოჭრილიყო, ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია და ვერც ამ ლოგიკას გავიზიარებ ვერასდროს ძალიან ბევრი მიზეზის გამო!..

მეორეა, რა უხარიათ ნაც. მოძრაობის წარმომადგენლებს და რა ჟივჟივი აქვთ ატეხილი.
დანარჩენ ნაწილზე და იქ მოტანილ ფაქტებზე რა პასუხები აქვთ, ჩამოვწერეთ ეს კითხვაც?!
და თუ ვიღაცამ მიუღებლად შეაფასა კონკრეტული ფაქტი, ეს მათ მავნებლობას და დანაშაულს გამორიცხავს?!

მაშველ რგოლად გინდათ გამოიყენოთ ტელეკომპანიაში გასული რომელიღაც ავტორის პოზიცია?! არ გამოვა, არ გამოგაყენებინებთ!

ამის გარდა, დღემდე არ გაუციათ პასუხი ფაქტებიდან გამომდინარე კითხვებზე, რომელთა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი რატომღაც იმ ფილმში არ მოხვდა:

1. რატომ ჩაწერა მიხეილ სააკაშვილმა 9 აგვისტოს ბრძანებულებაში, რომ რუსეთის ჯარები მხოლოდ 8 აგვისტოს შემოვიდნენ საქართველოში და რატომ დაუჭირა ამას მხარი მაშინდელმა პარლამენტმა?!

2. რატომ დაუჭირა მხარი ნაციონალურმა მოძრაობამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რეზოლუციას, სადაც საომარი მოქმედებების დამწყებ მხარედ საქართველოს სამხედრო ძალები იყვნენ მოხსენიებული, ხოლო რუსები – საპასუხო შეტევის.

3. რატომ არ მიმართა გაეროს აგრესორის შეჩერების მოთხოვნით?

4. რატომ გააუქმა პრაქტიკულად ყველა სამშვიდობო და მოლაპარაკების ფორმატი?

აღარაფერს ვამბობ, კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევაზე და სხვა მსგავს მავნებლობებზე (კითხვები შევამცირე ნაცების ტრადიციული ტყუილების და დემაგოგიის გამოსარიცხად).

მე ზუსტად ვიცი – გამყიდველობა, მავნებლობა და ღალატია ამისი რეალური პასუხი, მაგრამ კონკრეტულ ფაქტებზე კითხვებს მაინც უნდა უპასუხონ, – კიდევ უფრო კარგად რომ გამოჩნდეს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა უპასუხობაც პასუხია, – წერს მდინარაძე.

“იმედზე” გასულ ფილმში 2008 წლის აგვისტოს ომზეა საუბარი, სადაც ძირითადი ხაზია საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების ბრალეულობის საკითხი, ხოლო რუსეთის პასუხისმგებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

ფილმს უკვე გაემიჯნა “იმედში” მომუშავე ჟურნალისტების ნაწილი და მათ სოციალურ ქსელში განცხადებაც გაავრცელეს.

ფილმი უკვე წაიშალა ტელეკომპანიის ფეისბუქის გვერდიდან, მაგრამ ამ დრომდე რჩება “იმედის” იუთუბის არხზე.

ფილმზე პასუხისმგებლობა სწორედ ნიკოლოზ ლალიაშვილმა აიღო და განაცხადა, რომ სწორედ მისი პროდიუსინგით დამზადდა ფილმი, ავტორი კი მერაბ მამარდაშვილია.

 

იტვირთბა....