გივი რაზმაძის განცხადებით, რომლის სახლის მავთულხლართებს მიღმა მოჰყვა, გუგუტიანთკარში სახლის აშენებაზე აღარ იფიქრებს.
მისივე თქმით, მზადაა ნებისმიერი დახმარება მიიღოს, ოღონდ გუგუტიანთკარში აღარ.
„გუგუტიანთკარში მხოლოდ ომის დროს დაზიანებული ეს სახლი გვქონდა დარჩენილი, რომელიც იქით ჰყვება. მიწაც მეტი აღარ გვაქვს და ამიტომ, თუ ვინმე დამხმარე გამოჩნდება, ხაზარაძე იქნება თუ სხვა ვინმე, იქ სახლის აშენებაზე აღარ ვიფიქრებთ და იმ სახლს მივამატებთ, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ. 2009 წელს, როცა ამ ტერიტორიაზე ვეღარ შევდიოდით, გუგუტიანთკარში არსებული სახლის სანაცვლოდ კომპენსაცია მოგვცეს – 15 000 დოლარი და გორში, წმინდა წყლის ტერიტორიაზე, ბარაკების დასახლებაში ავიშენეთ სახლი, ამიტომ, თუ დახმარება იქნება, მივიღებთ იმ დახმარებას და მირჩევნია, ამ სახლს მივამატო“, – განაცხადა გივი რაზმაძემ.
შეგახსენებთ, სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზს მიღმა რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები მოხვდა. მატ სახლებიდან ნივთების გასატანად რუსმა ჯარისკაცებმა რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს.
“თიბისი” ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გივი რაზმაძის ოჯახს ახალ სახლს ჰპირდება.