ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს უკანონო ქმედებები

სოფელ გუგუტიანთკართან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელების გამო. მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები უკიდურესად ართულებს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ახდენს უსაფრთხოების გარემოს შემდგომ დესტაბილიზაციას.

ქართული მხარე აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, რათა მიღებულ იქნას ქმედითი ზომები აღნიშნული უკანონო პროცესის შეჩერების მიზნით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.” – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....