ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ქიბარ ხალვაშს ხელმოწერა არ ეკუთვნის – სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დასკვნა გამოაქვეყნა

ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ქიბარ ხალვაშის სადაო ხელმოწერასთან დაკავშირებით ცნობილია. დასკვნაში ნათქვამია, რომ გამოსაკვლევი ხელმოწერა შეთანხმებაზე შესრულებულია არა ქიბარ ხალვაშის, არამედ სხვა პირის მიერ.

საქმე ეხება დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც ირაკლი ოქრუაშვილის „რუსთავი2“ -ის წილებზე დაობს.

„გამოსაკვლევი ხელმოწერის გამომუშავების ხარისხი საშუალოზე მაღალია. ასოების ზომა დიდი, გაქანება საშუალო და დიდი, უმნიშვნელოდ მარჯვნივ დახრილი, დაწოლის ძალა საშუალო დიფერენცირებული, ხელმოწერის ფუძის ხაზის ფორმა სწორხაზოვანი, მიმართულება აღმავალი.

აღნიშნული ხელმოწერის გამოკვლევითა და შედარებით ქიბარ ხალვაშის ხელმოწერებთან, დადგენილი იქნა განსხვავებები ზომასა და გაქანებაში და შემდეგი ვარიანტის კერძო ნიშნებში:

ასო „შ“ -ს შესრულებისას გამოსაკვლევი ნიმუშებისაგან განსხვავებით გამარტივებულია მესამე ელემენტი.

– მოძრაობის ფორმა ასო „ქ“-ს მეორე ელემენტის საწყისი ნაწილის შესრულებისას გამოსაკვლევში ნიმუშებისაგან განსხვავებით უკუქცევით-სწორხაზოვანი.

– მოძრაობის ფორმა და მიმართულება ასო „ქ“-ს პირველი ელემენტის დამამთავრებელი ნაწილის შესრულებისას გამოსაკვლევში ნიმუშებისაგან განსხვავებით კუთხოვანი მიმართული მარცხნივ,“-ნათქვამია დოკუმენტში.

ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის ექსპერტიზის შედეგებს ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელები გამოეხმაურნენ.

კოტე კემულარია ამბობს, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა პოლიტიკური პროცესების გაგრძელებაა და ეს ყველაფერი ოქრუაშვილის მიერ “რუსთავი 2”-ის წილებზე პრეტენზიის გამოთქმას უკავშირდება.

“ბოლოს და ბოლოს გახარიას ექპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილს და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე თითქოს ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არ არის. ეს დასკვნა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ არის ნახევარგვერდიანი, ანუ ძალიან ზედაპირულად ექსპერტი წერს, რომ ასო „ვ“ და ასო „შ“ თურმე თავის დახრილობით და ნიუანსებით არ არის ისეთი, როგორსაც ჩვენ ვაწყდებით ქიბარ ხალვაშის ექსპერიმენტულ ნიმუშებში და ეს იძლევა თურმე კატეგორიული დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ეს ხელმოწერა ხალვაშის მიერ არ არის შესრულებული,“ – ამბობს კოტე კემულარიამ.

შეგახსენებთ, რომ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში, 2010 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ხალვაში „რუსთავი 2“-ის მხოლოდ ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო და შეთანხმებაზე ხელმოწერა ექპერტიზის სამი დასკვნითაა დადასტურებული.

იტვირთბა....