აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს, საქართველოში რუსეთის შემოჭრას უკავშირდება. მისი თქმით, საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 11 წელი გავიდა. ასობით ადამიანი მოკლეს და დაჭრეს, 190 000 სამოქალაქო პირი კი იძულებით გადაასახლეს.
“სანამ რუსეთი არ დაასრულებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას, მანამდე არ შევწყვეტთ მუშაობას” – განაცხადა ორტაგუსმა.
მის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დღევანდელი მოვლენებიც ცხადყოფს, რომ რუსეთი მუდმივად არღვევს ქართველი ხალხის უსაფრთხოებისა და საკუთრების უფლებებს. მეტიც, საქართველოში რუსეთის შეჭრა და მისი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია წარმოადგენს გაეროს ქარტიის, ჰელსინკის საბოლოო აქტისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევას.
“ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება”,- ნათქვამია განცხადებაში.
აშშ ასევე მოუწოდებს რუსეთს სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.