რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცხინვალის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია სრულიად არაპროვოცირებული იყო. ეს აშკარა ფაქტი მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა.
“ჩვენ გვახსოვს 11 წლის წინ მომხდარი ტრაგიკული მოვლენები. 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით, მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ უხეშად დაარღვია ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები, დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. ქართულმა ძალებმა ცხინვალში მასიური საარტილერიო ცეცხლი გახსნეს, ისინი ერთნაირად უტევდნენ სამხედრო ობიექტებსა და საცხოვრებელ კორპუსებს,“ – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე მტკიცებით, თავდასხმა განხორციელდა რუსი „სამშვიდობოების ბანაკში“, რის შედეგადად ათი რუსი „სამშვიდობო ჯარისკაცი“ დაიღუპა.
„სულ დაიღუპა 48 რუსული ჯარი და დაშავდა – 162. ცხინვალის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია სრულიად არაპროვოცირებული იყო. ეს აშკარა ფაქტი მოგვიანებით ოფიციალურად დადასტურდა, კერძოდ, კავკასიის კონფლიქტის მიზეზების გამოძიების საერთაშორისო კომისიის დასკვნაში, რომელიც შეიქმნა ევროკავშირის ეგიდით, შვეიცარიის წარმომადგენლის ჰ. ტალიავინის ხელმძღვანელობით და რომელიც 2009 წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდა,” – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტმენტის განცხადებაში.
ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმამ, აფხაზეთის წინააღმდეგ მსგავსი მოქმედების მომზადებამ, რომელიც ამ ხალხის მიმართ „თბილისის მრავალწლიანი ძალადობრივი პოლიტიკის კულმინაციას წარმოადგენდა,“ ოსებსა და აფხაზებს არ დაუტოვა სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ „თავიანთი უსაფრთხოება და არსებობის უფლება თვითგამორკვევის გზით, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს ისე უზრუნველყოთ.“
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რა დროსაც მან გაეროს წესდების დებულებებითა და სხვა საერთაშორისო ფუნდამენტური დოკუმენტებით იხელმძღვანელა.
„შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვათ, რომ როგორც აფხაზეთი, ისე სამხრეთ ოსეთი შედგა როგორც სუვერენული სახელმწიფო. ორივე რესპუბლიკა ფლობს სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტს, მათ შორის, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ეფექტურად მუშაობის სისტემებს, აკონტროლებს საკუთარ ტერიტორიას, ავითარებს ეროვნულ ეკონომიკას, კულტურას და აქტიურად არის დაკავებული სამართლებრივი საზოგადოების მშენებლობაში,” – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.
2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონებში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომის დაწყებიდან 11 წელი გავიდა.