ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოს არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს

გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული სხდომა, სადაც პოლონეთის თავმჯდომარეობით საქართველოში არსებული ვითარების საკითხის განხილვა წარიმართა, უკვე დასრულდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხდომის დასრულების შემდგომ მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარდგნენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ბელგიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და ესტონეთის წარმომადგენლები.

განცხადებაში ხაზი გაესვა იმას, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან და 12 აგვისტოს შეთანხმების დადებიდან 11 წელი გავიდა და ამ პერიოდის განმავლობაში კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით ხელშესახები პროგრესი არ არის.

„აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ე.წ. აღიარება და კავშირები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და საერთაშორისო წესრიგის უგულებელყოფას. მხარეების მიერ გამოიხატა ღრმა შეშფოთება საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების გავლების ინტენსიფიკაციის გამო. აღინიშნა, რომ ეს არ უწყობს ხელს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და რეგიონის უსაფრთხოებას“, – აღნიშნავენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

განცხადებაში მხარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, რომ სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ნაკისრი ვალდებულებები, უზრუნველყოს შეიარაღებული ძალების გაყვანა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაშვება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.

„აღინიშნა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი საკითხია და გამოითქვა წუხილი, ამ მიმართულებით პროგრესის არ არსებობის გამო. პარტნიორებმა მოუწოდეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, რომ მისცენ შესაბამის ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების ორგანიზაციებს რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

იტვირთბა....