2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის მაშინდელი თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი „ნიკოლა სარკოზი ჯამბაზივით იქცეოდა“ – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი აკეთებს.
კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მოქმედებას, სააკაშვილი WPR-სთვის მიცემულ ინტერვიუში პასუხობს, რომ როგორც „ძალიან ცუდს.“
„სარკოზი ჯამბაზივით იქცეოდა. ის იყო ძალიან არაკომპეტენტური… სარკოზის წყენა ამერიკის მიმართ, აღმოსავლეთ ევროპელების მიმართ ნიშნავდა, რომ იგი ამერიკელების როლის დაქვეითებას ცდილობდა. ამერიკელებს არ სურდათ, რომ ეს მისია მას შეესრულებინა. სარკოზიმ, ფაქტობრივად, მოახერხა და ამერიკელები დიპლომატიური პროცესისგან ჩამოაშორა და ორმაგი თამაში ითამაშა. მოდით ვთქვათ, რომ ამ მისიის კარგი, პოზიტიური მხარე რუსეთისთვის ჯარის გაყვანის დავალდებულებაა, თუმცა მეორე მხრივ იმდენი ცუდი შედეგი მოჰყვა: ამერიკელების ჩამოშორება, რუსეთისთვის უსაფრთხოების ზონების მიცემა, მათთვის გარკვეული ლეგიტიმური როლის მინიჭება და სარკოზის საქციელის ყველაზე ცუდი ნაწილი კი ის იყო, რომ მან ეს შეთანხმება რამდენიმე თვეში დაივიწყა. მან ის მისტრალებში გაცვალა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი აგვისტოს ომის პერიოდში გერმანიის პოზიციაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ გერმანელებმა რუსებს თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცეს.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.
2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონებში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
შეგახსენებთ, რომ დღეს აგვისტოს ომის დაწყებიდან 11 წელი გავიდა.