გუგუტიანთკარის მიმდებარედ მავთულხლართების გაბმა შეჩერებულია – ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ავტცელებს.
როგორც ციხელაშვილმა განმარტა, სამუშაოების დაწყებისთანავე ამოქმედდა ცხელი ხაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით.
„ჩემი ინფორმაციით, ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს არანაირი სამუშაოები, შეჩერებულია! უკვე ორჯერ იქნა ამოქმედებული ცხელი ხაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, იმ ეპიზოდზე, რომელსაც გუგუტიანთკარში სავარაუდოდ, გუშინ ჰქონდა ადგილი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკანონოა და აბსოლუტურად მიუღებელია ახლაც და ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, თუმცა სწორედ ამ დღეებში, კიდევ უფრო პროვოკაციულია და მით უფრო მტკივნეულად აღიქმება. ჩვენი და შესაბამისი უწყებების ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ამოწურულ იქნას ასეთი უკანონო მოქმედებები, არ ჰქონდეს გაგრძელება და ადგილზე თუკი რაიმე ტიპის ზარალი აქვს მოსახლეობას ან რაიმე დაბრკოლებები შეექმნა, შევისწავლოთ და მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გორში, სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს ოკუპანტებმა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი განაახლეს.