ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 8 აგვისტოს ადიოდა ოპოზიცია, ახლა 7 აგვისტოს ავიდნენ, რაც აბსოლუტური სპეკულაცია და ვითომ ახალი ნარატივია”.
აღნიშნული გაცხადება მდინარაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.
მისი თქმით, ამდენი წლის განმავლობაში, პრიმიტიული კითხვა, თუ ვინ დაიწყო ომი, იმიტომ ისმება, რომ არ მოხდეს აგვისტოს ომის შესახებ სიღრმისეული საუბარი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აწყობს.
„8 აგვისტო არა მხოლოდ რუსული, არამედ ეს არის მიხეილ სააკაშვილის ნარატივიც იმიტომ, რომ 9 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა ბრძანებულებაში ჩაწერა, რომ 8-ში შემოვიდნენ რუსული სამხედროები და ტექნიკა. თუ ამაზე ვსაუბრობთ, მაშინ ეს არის მიხეილ სააკაშვილისა და რუსული ნარატივი. აქამდე ოპოზიცია 8-ში ამოდიოდა და ახლა 7-ში ამოსვლა აბსოლუტური სპეკულაციაა, ვითომ ახალი ნარატივის შექმნაა. იცით რატომ ისმება ასეთი პრიმიტიული კითხვები – ვინ დაიწყო ომი? რუსეთმა რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის ძალიან პრიმიტიული კითხვა, რომელიც იმის გამო ისმება, რომ არ დაისვას მთავარი და რეალური კითხვები, ის, რაზეც დღეს შეიძლება საუბარი არ გვინდოდეს. ბევრი მთავარი კითხვაა: 9 აგვისტოს რატომ დაწერა მიხეილ სააკაშვილმა თავის ბრძანებულებაში, რომ 8-ში შემოვიდნენ რუსები საქართველოში? ომიდან 2 თვის შემდეგ, რატომ მისცეს ხმა ისეთ რეზოლუციას, რომლის მეხუთე პუნქტში ეწერა სუფთა რუსული ნარატივი? რატომ ხდებოდა ისე, რომ ყველა მათი მოქმედება შედეგობრივად ცუდად აისახებოდა ქვეყანაზე? რუსეთი, რა თქმა უნდა, მტერია, მაგრამ ამ პრიმიტიულ კითხვებს თუ დავსდევთ ამდენი წლის განმავლობაში, მეტ სიღრმეზე საუბარსაც არ დავადოთ ტაბუ. მეტ სიღრმეში ჩასვლა იმიტომ არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ იქ იკვეთება მათი უგუნური, აბსოლუტურად გაუაზრებელი და მეორე მხრივ მოღალატეობრივი საქციელი,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.