პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო განაცხდა, რომ ოკუპაცია არის საერთო ეროვნული ტკივილი, ეს არის საერთო ეროვნული გამოწვევა და მე დარწმუნებული ვარ საქართველო აუცილებლად დაძლევს ოკუპაციას.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელი დღე დიდი ტკივილი და მოუშუშებელი იარაა ქვეყნისთვის.
„საქართველოს ოკუპაცია არის ის ტკივილი, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს უნდა აერთიანებდეს, მიუხედავად იმისა რა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვს თითოეულ ჩვენთაგანს. ეს არის საერთო ეროვნული ტკივილი, ეს არის საერთო ეროვნული გამოწვევა და მე დარწმუნებული ვარ საქართველო აუცილებლად დაძლევს ოკუპაციას. დღევანდელი დღე არის დიდი ტკივილი, მოუშუშებელი იარა. მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. ამავე დროს დღევანდელი დღე არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენი ერის კონსოლიდაცია, მუხლჩაუხრელი შრომა, იმ მიზნების მიღწევა, რაც არის დაგეგმილი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების თანადგომა იქნება გარანტია იმისა, რომ მშვიდობით და განვითარებით ჩვენ აუცილებლად დავძლევთ რუსულ ოკუპაციას და საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და წარმატებული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს აგვისტოს ომის დაწყებიდან 11 წელი გავიდა.