პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო განაცხდა, რომ ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე და ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი და 2008 წელი იყო ამისი გაგრძელება.
ამასთან, კითხვაზე, რომლის თანახმად, ოპოზიცია მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 7 აგვისტოს მიდის, ხოლო მმართველი გუნდი 8 აგვისტოს, მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ 2008 წელი უკვე არსებული ოკუპაციის გაგრძელება იყო.
„საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე და ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, როდესაც დაიწყო ჩვენი ისტორიული მიწა-წყლების ოკუპაცია. 2008 წელი იყო ამისი გაგრძელება. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შეცდომა, მათ შორის მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის, რომ ამ თემაზე არ ხდებოდა შესაბამისი აქცენტის სწორი დასმა.
ძალიან დიდი ხანი ემზადებოდა ოკუპანტი ქვეყანა ამისთვის და ეს იყო, სამწუხაროდ, ძალიან ხილული. რაც შეეხება თვითონ ამ თემის შესახებ სპეკულირებას, ვინც აკეთებს ამაზე სპეკულაციას, სწორედ ის აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ამასთან, ბახტაძემ აღნიშნა, რომ ოკუპაციასთან ბრძოლის კუთხით მშვიდობა და განვითარება უალტერნატივოა.
„აქედან კიდევ ერთხელ მსურს, მივმართო ჩვენს მოსახლეობას და ვუთხრა, რომ ოკუპაციასთან ბრძოლაში მშვიდობასა და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს. ეს არის გზა, რომელიც ჩვენ აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენს სანუკვარ მიზნამდე და მოვახდენთ საქართველოს სრულ დეოკუპაციას “, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს აგვისტოს ომის დაწყებიდან 11 წელი გავიდა.