საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას თქმით, საშემოდგომო სესიაზე პარლამენტში კანონპროექტის შეტანას გეგმავს, რომლის მიხედვითაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ვალდებული იქნება 12 წლამდე ბავშვი უკანა სავარძელზე სპეციალური მოწყობილობით უზრუნველყოს.
“საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ავარიების და ავარიების შედეგად ბავშვების დაშავების, დაზიანების და გარდაცვალების. აქედან გამომდინარე, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებთანაც ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და ვპარტნიორობთ, გაჩნდა იდეა, რომ 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არსებობდეს სპეციალური საშუალებების გამოყენების ვალდებულება იმისთვის, რომ მათ უსაფრთხოდ იმგზავრონ”, – განაცხადა ბესელიამ სამუშაო შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, შესაბამისი პროექტი უკვე მზად არის და ინიცირების დაწყებამდე მას კიდევ ერთხელ გადაუგზავნიან ყველა უწყებას, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.