2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან 11 წელი გავიდა. ცხინვალის რეგიონში, რუსეთ-საქართველოს ომმა ჩვენს ქვეყანას, სამწუხაროდ, სავალალო შედეგები მოუტანა. კრემლმა აღიარა ჩვენი ქვეყნის ტეროტირიების ნაწილი და დღემდე მფარველობს მათ. დაიბომბა სოფლები, დაიღუპა ხალხი, გაჩნდა დევნილთა ახალი ნაკადი და დაიკარგა საკმაოდ დიდი რაოდენობის სოფლები. უფრო მეტიც, უმეტესი მათგანი მიწასთან გასწორდა.
სამწუხაროა, მაგრამ ქართველთა რიგებშიც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ამტკიცებდნენ (და დღემდე ამტკიცებენ), რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო. უფრო მეტად სამწუხაროა, რომ ასეთთა შორის იყო საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც კიდევ უფრო სამწუხაროდ, ქვეყნის პრეზიდენტად ავირჩიეთ.
დავუშვათ ერთი წუთით, რომ ომი მართლაც ქართულმა მხარემ დაიწყო (ასე არ იყო, მაგრამ დავუშვათ). ხომ არსებობს დიპლომატიური მიდგომები ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მაინც, რომ გაითვალისწინონ ქვეყნის ინტერესები და მაღალი ტრიბუნიდან არ აჟღერონ საკუთარი სახელმწიფოს ზიანის მომტანი განცხადებები?!
ახლა რაც შეეხება რუსულ (პუტინისეულ) ვერსიას, რომლის მიხედვითაც, მათ დაიცვეს ცხინვალში მცხოვრები ოსი ეთნოსის ადამიანები, თითქოს ქართული მხარის აგრესიისგან. შორს წასვლა არაა საჭირო. კარგად მახსოვს ჩეჩნეთის ე.წ. პირველი და მეორე ომი, სადაც რუსი სამხედროები შეიჭრნენ და საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების მოტივით დაიწყეს, როგორც თავად რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, სპეცოპერაცია. ისიც კარგად მახსოვს, როცა გაჩნდა კითხვები, თუ რატომ ექცეოდნენ ასე სადისტურად რუსი სამხედროები ჩეჩენ მოქალაქეებს, პასუხი იყო მარტივი – ოფიციალური მოსკოვი საკუთარ ტერიტორიაზე მოქმედებს და ატარებს სპეცოპერაციას საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების მიზნით.
სადისტური მეთოდები რომ ერთი წუთით გვერდით გადავდოთ, ვერ შეედავები, ისინი წესრიგს ამყარებდნენ აჯანყებულების წინააღმდეგ, რომელსაც შემდეგ ტერორისტებადაც კი მოიხსენიებდნენ.
ისმის კითხვა – თუკი მოსკოვს ჰქონდა უფლება, საკუთარ ტერიტორიაზე დაემყარებინა წესრიგი და დაეწყო სპეცოპერაცია, რატომ არ უნდა ჰქონდეს სხვა ქვეყნის ლიდერს, ასევე საკუთარ ტერიტორიაზე დაიწყოს მსგავსი სპეცოპერაცია? (ვიმეორებ, ეს მაგალითი მომაქვს დაშვების საფუძველზე, დავუშვათ, რომ სამხედრო მოქმედებები დაიწყო ქართულმა მხარემ).
თუმცა, ძალიან მწირი ინფორმაციის მოძიებაც საკმარიასია იმისთვის, იოლად დამტკიცდეს, რომ ოფიციალური თბილისი ვერ მოაწყობდა გენოციდს საკუთარ, ქართულ სოფლებში. ამისთვის შესაბამისი სამხედრო რესურსები იყო საჭირო, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიტიკური გადაწყვეტილების არსებობაზე (თუკი ის არსებობდა ჩვენი მხრიდან ომის დაწყების თაობაზე) და შემდეგ მის სისრულეში მოყვანაზე.
შემთხვევით, ხელში ჩამივარდა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოილუსტრაციები Google Earth-იდან (რისთვისაც დიდი მადლობა პორტალ cyxymu.info-ს), რომელშიც ყველაფერი თვალნათლივ ჩანს და იოლად მტკიცდება, რომ ასე მასობრივად ქართველი ხალხის გენოციდს ოფიციალური თბილისი, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ მოახერხებდა (იხილეთ ფოტოილუსტრაცია ქვევით).
საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ინტერვენციის შედეგად, ცხინვალის მიმდებარე სოფლები მასობრივად დაიბომბა რუსი სამხედროების მიერ. ანუ განხორციელდა ქართველთა ეთნიკური წმენდა, რისი მტკიცებულებებიც ქვევით მოტანილი ფოტოებია. რიგ სოფლებში მაცხოვრებლები გამოყარეს და სახლები გადაწვეს. ამ მომენტისათვის უამრავი სოფელი მიწასთანაა გასწორებული. გთავაზობთ თანამგზავრიდან გადაღებული კონკრეტული სოფლების ფოტოებს დაბომბვამდე და დაბომბვის შემდეგ და საზოგადოებამ თავად შეაფასოს, შეეძლო თუ არა ქართულ მხარეს ასეთი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის განხორციელება:
სოფელი კეხვი – 345 სახლში 1177 ქართველი ცხოვრობდა. აქედან, 340 დანგრეულია (98,3 პროცენტი), გადარჩა მხოლოდ – 5.
ფოტო დაბომბვამდე
ფოტოები დაბომბვის შემდეგ
სოფელი ავნევი – 279 სახლში ცხოვრობდა 1022 მოქალაქე. აქედან, 242 სახლი (86,7 პროცენტი) დანგრეულია, გადარჩა – 37.
ფოტოები დაბომბვის შემდეგ
სოფელი კემარიტი – 301 სახლში ცხოვრობდა 1007 მოქალაქე. აქედან, 100-ივე პროცენტი განადგურებულია.
ფოტო დაბომბვამდე
ფოტოები დაბომბვის შემდეგ
სოფელი თამარაშენი – 274 სახლში ცხოვრობდა 960 მოქალაქე. აქედან, გადარჩა მხოლოდ 18, ანუ 93,4 პროცენტი დანგრეულია.
ფოტო დაბომბვამდე
ფოტოები დაბომბვის შემდეგ
სოფელი ზემო აჩაბეთი – 158 სახლში ცხოვრობდა 860 მოქალაქე. აქედან, გადარჩა მხოლოდ 2, ანუ 98, 7 პროცენტი განადგურებულია.
ფოტო დაბომბვამდე
ფოტოები დაბომბვის შემდეგ
ქვემო აჩაბეთი – 174 სახლში ცხოვრობდა 574 მოქალაქე, გადარჩა მხოლოდ 5, ანუ 97, 1 პროცენტი დანგრეულია.
ფოტო დაბომბვამდე
ფოტოები დაბომბვის შემდეგ
სოფელი ხეითი – 204 სახლში ცხოვრობდა 807 მოქალაქე, მხოლოდ 1 სახლი გადარჩა, 98,9 პროცენტი დანგრეულია.
ფოტო დაბომბვამდე
ფოტოები დაბომბვის შემდეგ
სოფელი ბერულა – 297 სახლში ცხოვრობდა 795 მოქალაქე, გადარჩა მხოლოდ 4, ანუ 98, 6 პროცენტი დანგრეულია.
ფოტო დაბომბვამდე
ფოტოები დაბომბვის შემდეგ
სოფელი ძარცემი – 239 სახლში ცხოვრობდა 650 მოქალაქე, აქედან გადარჩა მხოლოდ 2, ანუ 99 პროცენტი განადგურებულია.
ფოტო დაბომბვამდე
ფოტოები დაბომბვის შემდეგ
სოფელი ქურთა – 287 სახლში ცხოვრობდა 1124 მოქალაქე, გადარჩა მხოლოდ 2, ანუ 99 პროცენტი დანგრეულია.
ფოტო დაბომბვამდე
ფოტოები დაბომბვის შემდეგ
ასევე, სოფელი ერედვი – 299 სახლშო ცხოვრობდა 918 მოქალაქე, აქედან, 2 სახლი გადარჩა, ანუ 99 პროცენტი დანგრეულია. სოფელი ნული – 142 სახლში ცხოვრობდა 507 მოქალაქე, აქედან 5 სახლი გადარჩა, 96 პროცენტი განადგურებულია.
ასეთი სოფლები, სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრია.
გენო ჯოხიძე
(დიდი მადლობა პორტალ cyxymu.info-ს სტატისტიკისთვის )