რკინიგზის ახალი პროფკავშირების ცნობით, ქვიშხეთში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე 20-მა გაფიცულმა მუშამ სამსახური დატოვა. პროფკავშირების წარმომადგენლის, ილია ლეჟავას, განცხადებით, გაფიცული 60 მუშიდან დანარჩენები პროტესტს აგრძელებენ.
“20 ლარზე ამუშავებდნენ გვირაბის მშენებლობაზე და ეს უკვე დამსაქმებლის და დასაქმებულის ურთიერთობა ხომ არ არის მარტო… მოლაპარაკებებს შედეგი არ მოაქვს, გაფიცვას შედეგი არ მოაქვს, არაფერი მოწესრიგებული აქ არ არის, შრომის კოდექსის მინიმალური ნორმები არ სრულდება და ა.შ.” — აღნიშნა ლეჟავამ “On.ge” – ის ჟურნალისტებთან საუბრისას.
პროფკავშირების განცხადებით, ისინი გაფიცულ მუშებს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობენ. სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა მეორე დღეა შეჩერებულია.
შეგახსენებთ, ქვიშხეთის სარკინგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები 5 აგვისტოს გაიფიცნენ. ისინი დღიური ხელფასის 20 ლარიდან 30 ლარამდე გაზრდას და შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მშენებლობას ჩინეთის 23-ე ბიურო აწარმოებს, რომელთანაც მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.