ევროკონვენცია არ ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლება ნიშნავს სიძულვილის ენით საუბარს – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, ესაუბრა.
ოხანაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიზანი არ არის, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.
„საზოგადოების დაკვეთაა პარტიებისგან მოისმინოს ხედვა, თუ როგორ წარმოუდგენიათ ქვეყნის განვითარება, რა იდეოლოგიაზე არიან დაფუძნებული და როგორია მათი ხედვა მომავლის განვითარების. ოპოზიციას ვურჩევ, გაეცნონ ევროპული კონვენციის მიდგომას სიძულვილის ენაზე. ევროკონვენცია არ ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლება ნიშნავს სიძულვილის ენით საუბარს. გამოხატვის თავისუფლება საშუალებას იძლევა, შეიზღუდოს, სიძულვილისა და ქსენოფობიური ენით საუბარი. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ძალიან ბევრი სიტყვა იყო გამოყენებული, რომ ღირსების შემლახველი შეფასებებით მომხდარიყო კანდიდატის დისკრედიტაცია. კონკურენცია ერთმანეთის მიმართ სიძულვილსა და ღირსების შემლახველ შეფასებებს არ ნიშნავს”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, ცვლილებები შეეხება პარტიების დაფინანსების წესს, უფასო საეთერო დროს, ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესსა და სხვა საკითხებს. ამასთან, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტით, პოლიტიკური პარტიის ანტირეკლამა სარეკლამო რგოლის 25 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.