ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გაგვაფრთხილეს, რომ თუ “რუსთავი 2″-თან არ ვითანამშრომლებდით “ჩცდ”-ით, “ინტერმედიის” მიმართულებით რაღაცები გაპრობლემდებოდა” – მშვილდაძე

“ფორმულა კრეატივის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე, “ინტერმედიაში” პროკურატურის შესვლას “ფორმულა კრეატივის” მიერ ახალი ტელეარხის დაფუძნების შესახებ განაცხადს უკავშირებს.

მისი განცხადებით, ამას წინ უძღოდა “რუსთავი 2-ის” ახალ გენერალურ დირექტორთან შეხვედრა, სადაც, მისი თქმით, ადამიანი, სახელად ზაზა აფრთხილებდა, რომ თუ “რუსთავი 2-თან” თანამშრომლობას არ გააგრძელებდნენ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებით”, “ინტერმედიას” მიმართულებით პრობლემები შეიქმნებოდა:

“წინასწარაც ვიყავით გაფრთხილებული, რომ თუ ჩვენ “რუსთავი 2-თან” არ გავაგრძელებდით ურთიერთობას “ჩემი ცოლის დაქალებით”, “ინტერმედიის” მიმართულებით რაღაცები გაპრობლემდებოდა. ეს ღიად გვითხრა ადამიანმა, რომელსაც ერქვა ზაზა და სალიასთან ერთად შემხვდა. ასე პირდაპირ მითხრა, ხომ იცით, იქ რაღაცები მოხდებაო და მერე ასე გამოეხმაურნენ. არ ვიცი, მე ვიღაც ზაზამ როგორ უნდა შემაშინოს” ,- ამბობს მშვილდაძე.

მშვილდაძის თქმით, არც ისაა შემთხვევითი, რომ პროკურატურა “ფორმულა კრეატივთან” დაკავშირებულ კომპანიაში მათ მიერ ახალი ტელევიზიის შექმნაზე განცხადება უძღოდა წინ:

“გუშინ გაკეთდა ჩვენი და დავით კეზერაშვილის მხრიდან განცხადება ტელევიზიის შექმნის თაობაზე და ეგრევე პროკურატურა შევარდა ორგანიზაციებში, რომელიც დაკავშირებულია ჩვენთან და “რუსთავი 2”-თან. ზუკა გუმბარიძე არის “ფორმულა კრეატივის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ჩვენი პარტნიორი, რომელიც ახალი ტელევიზიის დირექტორად მოიაზრება.

შესაბამისად, მისი ოთახის ჩხრეკა, რომელიც არის მისი ძველი ოთახი და მის გარდა ბევრი ადამიანი იყენებდა , რომელშიც გადაღებებსაც ვაწარმოებდით “ჩემი ცოლის დაქალების”, გაუგებარია, რა მიზნებს ემსახურება, გარდა იმისა, რომ ვიღაცის დაშინება უნდათ. ჯერ ერთი, დაშინება ადამიანების დანაშაულია. პოლიტიკურ იარაღად გამოყენება პროკურატურის დანაშაულია”, – ამბობს მშვილდაძე.

მუქარის შესახებ ბრალდებებს უარყოფს “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი პაატა სალია. მისი თქმით, ოთახი, სადაც პროკურატურა საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა, “ინტერმედიას” იჯარით აქვს აღებული “რუსთავი 2-ისგან”. სალია ასევე უარყოფს “ფორმულა კრეატივზე” ზეწოლასა და მუქარას:

“ეს ისეთივე ტყუილია, რგორიც არის, თითქოს ინტერმედიას არ აქვს ფართი. მე მაქვს ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია მეიჯარე რუსთვი 2- სა და მოიჯარე ინტერმედიას შორის. ისევე როგორც ტყუილი განცხადება და პათეტიკური ტონი, რომ თითქოს ვინმე ემუქრება. პირიქით, ვუთხარით, რომ “ინტერმედიასთან” გვაქვს ნორმალური ურთიერთობა, თქვენთანაც გვინდა გვქონდეს ნორმალური ურთიერთობა. ჩვენი სურვილი იყო, რომ “ფორმულა კრეატივი” დარჩეს”, – ამბობს სალია.
წყარო – “ნეტგაზეთი”

იტვირთბა....